მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების კომისია" მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

დღეს სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კომისია მუშაობას არამხოლოდ სურსათის, არამედ მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც გააგრძელებს.

საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ - გასული წლის 24 დეკემბერს, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებდა საკითხის დეტალურ შესწავლას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე პარალელურ რეჟიმში იმუშავებს შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც.

„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს აპრილის ბოლომდე დაასრულებს. პარალელურად, შესაბამისი ჯგუფი პარლამენტში შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, მივაღწევთ სასურველ შედეგს,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე განმარტებით, მთავრობის მოლოდინია, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაიწყება. ამასთან, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ფასების სტრუქტურაზე, მათ შორის, სად არის ფასნამატები და რამდენად შეესაბამება ისინი არსებულ ევროპულ პრაქტიკას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რას მოიცავს პროდუქციის ფასი, სად არის არალოგიკური ფასნამატები და სად არ შეესაბამება ისინი ევროპულ პრაქტიკას,“ - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 30 დეკემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომისია ძირითადად მინისტრებისგანაა დაკომპლექტდება, მასში მონაწილეობას ასევე მიიღებს სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები