მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების შემცირება რთული საკითხია - ირაკლი კობახიძე

მდინარაძე კობახიძე

ფასების შემცირება რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თავად ადგენს ფასს - ამის შესახებ კობახიძემ დუბაიში განაცხადა.

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ფასების შემცირება მოხდეს, თუმცა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ამის შესახებ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასების შემცირება რთული საკითხია, რადგან საქმე თავისუფალ ბიზნესთან გვაქვს, რომელიც ფასებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს, თუმცა ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობა შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახონ ფასების შემცირების გზები. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაანონსებულია პროცესი, რომელიც მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა ფასების შემცირება მანამდეც შესაძლებელია.

„ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,“- განაცხადა მან.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები