მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-ში რეინვესტირების დიდი წილი ცალსახად კარგ ბიზნესგარემოზე არ მიუთითებს - გოგა ხიშტოვანი

XISHTOVANI

2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ 2023 წლის II კვარტალის დოკუმენტშია აღნიშნული. მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციის ძირითადი ნაწილი 423 მილიონი ამერიკული დოლარი კი რეინვესტიციაა.

რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი ხშირად ქვეყნის მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი აიხსნება, თუმცა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოს რეალობაში ეს შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს ინვესტორისთვის საინტერესო ბიზნეს გარემოს, რადგან რეინვესტირების წილი ისედაც ისეთ სექტორზე მოდის, სადაც მოგების მარჟა საქართველოში ყველაზე მაღალია.  

“კარგი მოვლენაა რეინვესტირებაც, იმიტომ, რომ ბიზნეს გარემო, იმ ბიზნესებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში და უცხოელების საკუთრებაში არიან, საფუძველს აძლევს, რომ დატოვონ თანხები საქართველოში. 

მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ კომპოზიცია - რეინვესტირების დიდი ნაწილი მოდის საფინანსო სექტორზე. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ორი წელია საფინანსო სექტორი რეკორდულ მოგებაზეა, აქედან გამომდინარე, ასე ხმამაღლა ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის იდეალური ბიზნეს გარემო რეინვესტირებისთვის, რადგან რეინვესტირებული თანხების სექტორული  ჩაშლა ძალიან ცალმხრივია”, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ხიშტოვანი ყურადღებას ამახვილებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთის წილზეც. მისი თქმით, 2023 წლის მეორე კვარტალში მთლიან FDI-ში რუსეთს 5.5%-იანი წილი ეკავა. ხიშტოვანი ამბობს, რომ მათი მხრიდან ამ კუთხით გააქტიურებას არაერთი რისკი ახლავს თან. 

“ჩვენ შეიძლება გავხდეთ შუამავალი ქვეყანა იმისთვის, რომ რუსეთმა აარიდოს თავი სანქციებს. ზოგადად, ძალიან ბევრი სანქციაა დაწესებული რუს კომპანიებზე, ბიზნესმენებზე და შესაბამისად, აქაც რისკია იმისა, რომ ჩვენ სარგებლის გარეშე დავდგეთ სანქციების დაწესების რისკის ქვეშ. ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება სიგნალი ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ საქართველო უფრო დაახლოებულია რუსეთთან და შესაბამისად, შეიძლება არ ღირდეს ჩვენთან საქმის დაჭერა”, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ცნობისთვის, 2023 წლის მესამე კვარტალში შემოსული ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციაში ყველაზე დიდი წილი გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა, საიდანაც 168 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილს 71.0 მლნ. აშშ დოლარით თურქეთი იკავებს , ხოლო მესამეზე ნიდერლანდებია- 62 მილიონ 700 აშშ დოლარის ინვესტიციით. ჯამში კი ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78.0 პროცენტს შეადგენს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები