მიმდინარე კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკია, FED-ისა და ECB-ის გადაწყვეტილების მოლოდინში საერთაშორისო ენერგეტიკულ და საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის ფასი 80 დოლარამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 75-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, Urals-ის ფასი 3.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 57 დოლარს აღწევს.
ბირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენცია სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, აშშ-ში ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, 7.1%-იან ნიშნულამდე.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.0%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.3%-ისა.
ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელება აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ FED-მა გამკაცრების პროცესი რამდენიმე თვით ადრე დაასრულოს.
შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური აქტივობის ზრდას და რეცესიის განვითარების რისკების შემცირებას იწვევს, მოგეხსენებათ, მობილობა და საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ აქტივობასთან, შესაბამისად, FED-ისა და ECB-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქებას ენერგეტიკულ ბირჟებზე პოზიტიური გავლენა ექნება.