მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

6453776eaa638
გიორგი თოლორდავა
04.05.23 13:12
1046
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება - ბოლო სავაჭრო სესიაზე რუსული ნავთობის ფასი 8%-ით დაეცა და ამჟამად ბარელი Urals-ის ღირებულება 53 დოლარს შეადგენს.

ერთთვიან პერიოდში რუსული ნავთობი 17%-ითაა გაიაფებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 33%-ია.

დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება დასავლურ ბენჩმარკებთან მიმართებითაც - ბარელი Brent-ის ღირებულება 73 დოლარამდეა შემცირებული; WTI-ის ფასი კი 69 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთთვიან პერიოდში 14%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან ჭრილში კი ნავთობი 35%-ითაა გაიაფებული.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აშშ-ის მასშტაბით გაზი 75%-ითაა გაიაფებული; 67%-ით დაეცა ევროპული ბუნებრივი აირის ღირებულება; ხოლო რაც შეეხება ბრიტანეთს, ამ შემთხვევაში ერთ წელიწადში გაზი 50%-ითაა გაიაფებული.

ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით, 5%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

გარდა ამისა, სწორედ გუშინ უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე შეტევა განხორციელდა, ზუსტად ვინ დგას ამ თავდასხმის მიღმა კი უცნობია, თუმცა ზემოხსენებულ ინციდენტს ოფიციალური კრემლი უკრაინის სამხედრო ძალებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ზრდის, თავად ეს უკანასკნელი კი რუსული ნავთობის ფასზე ნეგატიურად აისახება.

ცნობისთვის, საქართველოში იმპორტირებული საწვავისა და ნავთობპროდუქტების 67% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, შესაბამისად, ფასების შემცირება პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები