გერმანული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფიგურა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამპლუით მცველმა 1972 და 1976 წლებში შეძლო ოქროს ბურთის დაუფლება, რაც ხაზს უსვამს მის დიად საფეხბურთო უნარებს.
ის არის დიდიე დეშამთან და მარიო ზაგალოსთან ერთად ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, როგორც მოთამაშის (1974) ისე მწვრთნელის (1990) რანგში.
1963 წლიდან 1977 წლამდე ის მიუნხენის “ბაიერნში” ასპარეზობდა, სადაც თითქმის 600 მატჩი ჩაატარა, ზედიზედ სამჯერ (1973-1976) შეძლო ევროპის თასის მოგება და 4-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.
მწვრთნელის რანგში მას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ერთად მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის, როგორც ვერცხლის (1986) ისე ოქროს (1990) მედალი. ამას გარდა მან მარსელის “ოლიმპიკთან” ერთად შეძლო საფრანგეთის ჩემპიონობა, ხოლო მშობლიურ “ბაიერნთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონატის გარდა უეფას თასის ტრიუმფატორიც გახდა.
დიდი “კაიზერი” წლების განმავლობაში არაერთ სკანდალშიც გახვეულა, კერძოდ 2019 წლის ოქტომბერში სააშკარაოზე გამოვიდა მისი და რუსი პარლამენტარის სერგეი კაპკოვის მინაწერები, სადაც კაპკოვი ბეკენბაუერს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ მას და მის მრჩეველ ფედორ რადმანს 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზედაც გერმანელი თანხმდება. საბოლოოდ რუსეთმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო, რის გამოც ბეკენბაუერმა და რადმანმა დამატებით 1,5 მილიონი ევრო მიიღეს.
უკანასკნელ წლებში დიდი გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან გულზე ორი ოპერაცია გადაიტანა და ბოლოს ე.წ. თვალის ინფაქტიც გადაიტანა, რის შედეგადაც მარჯვენა თვალით ვეღარ ხედავდა. გერმანიამ და მსოფლიო ფეხბურთმა უდიდესი ფიგურა დაკარგა, რომლის მსგავსიც ისტორიას ცოტა თუ ახსოვს.




























