მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერებისთვის GeoGAP-ის დანერგვა უვნებელი პროდუქციის წარმოების გარანტიაა

605450d6c9ac5
BM.GE
19.03.21 11:17
591
გეოგაპი/GeoGap-ის სერტიფიკატის მიღების პროცესის გამარტივებისა და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შეიქმნა უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვილი მობილური ლაბორატორია, რაც ადგილზე მომსახურების საშუალებას იძლევა. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი უვნებელი სურსათის წარმოების ადგილობრივი ნიშანია, რომელიც ფერმერებს, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული, მათი საქმიანობა დაუახლოონ საერთაშორისო სტანდარტებს.

გეოგაპი/GeoGAP-ს სტანდარტის დასანერგად მეწარმემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას უნდა მიმართოს.

2020 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სატესტო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გეოგაპი/GeoGAP-ის მობილური ლაბორატორიის გამოყენება და ვიზიტები საანალიზო ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის (ნიადაგი, წყალი და ხილ-ბოსტნეული).

„გეოგაპის მიღებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა, ამ პროცესს გვიმარტივებს მობილური ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებისა და ექსტენციის მიზნისთვის შეიქმნა. ლაბორატორია კარგი საშუალებაა, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერულ მეურნეობებში ლაბორატორიული ანალიზების საველე პირობებში ჩატარებისა. აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად კი მას გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატი მიენიჭება“, - განაცხადა გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიცირების უფროსმა სპეციალისტმა საბა მესხმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა მხრიდან უვნებელ სურსათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც ფერმერისთვის გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა გეოგაპი/GeoGap-ი, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დანერგონ ახალი სტანდარტები უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის და გახადონ წარმოება უფრო მოგებიანი.

„როდესაც მომხმარებელი დაინახავს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის აღმნიშვნელ ნიშანს ამა თუ იმ პროდუქციაზე, მაგალითად, მწვანილზე, ვაშლზე, სტაფილოზე, ის უკვე დარწმუნებულია, რომ ოჯახისთვის ყიდულობს უვნებელ პროდუქციას და აღარ უჩნდება კითხვა, შეიცავს თუ არა მის მიერ ნაყიდი სტაფილო მავნე ნივთიერებებს“.

ბაზარზე უკვე არსებობს გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის მფლობელი სამი კომპანია, მათ შორის ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიები „ჰერბია“. გეოგაპის სტანდარტის დანერგვის პროცესს ამჟამად რამდენიმე კომპანია გადის და ბაზარს მალე უფრო მეტი უვნებელი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შეემატება.

ვინ დაგეხმარება, დანერგო გეოგაპი/GeoGAP-ი

გეოგაპი/GeoGAP-ის გუნდის წევრები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები საბა მესხი, ილია კუნჭულია და თეკლა გურგენიძე, რომლებსაც ამ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილებააქვთ. მათი დატრენინგება მოხდა ჰოლანდიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Q-Point მიერ, რომელთან თანამშრომლობის შედეგადაც შეიქმნა გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი. Q-Point-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. Q-Point-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტების დროს მათთან ერთად სტანდარტის სახელმძღვანელო შემუშავდა, მოთხოვნების სია და პილოტ-ფერმერებთან ვიზიტი შედგა.

გეოგაპი/GeoGAP-ი მესაქონლეობის სექტორში

გეოგაპი/GeoGAP-ი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის სექტორით არ შემოიფარგლება და, თამარ თორიას განცხადებით, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი სექტორი - მესაქონლეობა დაემატება. მისი თქმით, ფერმის დონეზე, პირველადი წარმოების გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის მინიჭება იქნება შესაძლებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში სურსათის გადამუშავების ეტაპზე ინერგება სხვადასხვა სისტემა, მაგალითად, როგორიცაა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა, სურსათის უვნებლობის მართვის სიტემა ISO 22000 და სხვა, თუმცა პირველადი გადამუშავების დონეზე მსგავსი ხარისხისა და უვნებლობის სისტემები ნაკლებად არის წარმოდგენილი. არადა მნიშვნელოვანია უვნებელი და ხარისხიანი ნედლეულის, მათ შორის რძისა და ხორცის მიღება პირველადი წარმოების დონეზე“, - განაცხადა თამარ თორიამ.

მესაქონლეობის სექტორში, პირველადი წარმოების დონეზე გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემის შექმნაზე მუშაობას იწყებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის სისტემა იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის სისტემების ადაპტირებული ვერსია მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერული მეურნეობებისთვის.

„პირველადი პროდუქციის მწარმოებლებს გეოგაპი/GeoGAP-ის დანერგვა დაეხმარებათ, ერთი მხრივ, მზად დახვდნენ სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქცია, შესაბამისად, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის, მაგალითად, რძის უფრო მაღალ ფასად და სტაბილურ, ინდუსტრიულ მომწოდებლებზე რეალიზაცია“, - განაცხადა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დირექტორის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.

გეოგაპის/GeoGAP-ის სტანდარტი შეიქმნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ პროექტ „ზრდა“-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები