კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Nissan-ის და Honda-ს გარიგება, შესაძლოა, ჩაიშალოს - მიზეზები
იაპონური საავტომობილო გიგანტების, Nissan-ის და Honda-ს გარიგება, რომელიც კომპანიების შერწყმა-გაერთიანებას მოიცავდა, შესაძლოა, ჩაიშალოს.
Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების ჩაშლის მიზეზი Honda-ს მენეჯმენტის დამოკიდებულებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა Nissan-ს შვილობილ კომპანიად მოიხსენიებს, რაც Nissan-ის მენეჯმენტისათვის მიუღებელია.
გარდა ამის, Bloomberg-ის ცნობით, გარკვეულ საკითხებზე კომპანიები პრინციპულად ვერ თანხმდებიან, რაც მოლაპარაკების გაგრძელებას შეუძლებელს ხდის.
თუკი ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურდება და გარიგება ჩაიშლება, მაშინ Nissan-ი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან ის ისედაც ფინანსური კოლაფსის ზღვარზეა. როგორც Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა და კომპანიის რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ვერ გაამართლებს, მაშინ დაახლოებით 1 წელიწადში Nissan-ს გაკოტრების გამოცხადება და წარმოების შეჩერება მოუწევს.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს.
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, Nissan-მა რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სამუშაო ძალის 9,000 თანამშრომლით შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გლობალური წარმოების 20%-ით შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას მოიაზრებს. გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი საკუთარ ანაზღაურებას 50%-ით ამცირებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ნამდვილად რთულ ვითარებაშია.
ამჟამად Nissan-ის გადარჩენის საკითხი პირდაპირაა დამოკიდებული ზემოხსენებული რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ეფექტიანობაზე და Honda-სთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე. თუკი გარიგება ჩაიშლება, მაშინ Nissan-ის გადარჩენა სხვა კომპანიას და მის ინვესტორებს მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია გაკოტრდება.
FORD-ის შემოსავლები მცირდება
ამერიკულმა საავტომობილო გიგანტმა, Ford-მა ფინანსური შედეგები წარმოადგინა, რომელმაც ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია. გასული 2024 წლის განმავლობაში Ford-მა $10.2 მილიარდის მოგების მიღება შეძლო, რაც $200 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია და მოსალოდნელზე გაცილებით უარეს შედეგს წარმოადგენს.
ამაზე საგანგაშო 2025 წლის პროგნოზია, რომელთან მიმართებით Ford-ის მენეჯმენტს არასახარბიელო მოლოდინები აქვს, რადგან ამერიკული კომპანია 7-8.5 მილიარდი დოლარის მოგების მიღებას პროგნოზირებს, ანუ მიმდინარე წლის ბოლოს საქმე გვექნება მინიმუმ $2-მილიარდიან კლებასთან, რაც ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება.
Ford-ის შედეგების გაუარესება ელექტრომობილების სეგმენტის წარუმატებლობასთან არის დაკავშირებული, რადგან გასული წლის განმავლობაში EV-სეგმენტით კომპანიამ $5 მილიარდის ზარალი მიიღო და მოსალოდნელია, რომ დაღმასვლა 2025 წელსაც გაგრძელდება, ვინაიდან, Ford-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.
საერთო ჯამში, 2024 წლის განმავლობაში კომპანიამ 2.08 მილიონი ავტომობილის წარმოება შეძლო.
იანვარში BYD-მ ჩინეთის გარეთ რეკორდული რაოდენობის მანქანები გაყიდა
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, ჩინურმა BYD-მ 2025 წლის იანვრის გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. წინა თვეში კომპანიამ 300,538 ელექტრომობილი გაყიდა, რაც, მართალია, ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის 50%-ით აღემატება, მაგრამ დეკემბრის შედეგებს 42%-ით ჩამორჩება, რაც უკავშირდება არა BYD-ის საქმიანობას, არამედ ჩინური საავტომობილო ინდუსტრიის სეზონურობას, რომელსაც კალენდარული წლის ბოლოს ყველა მწარმოებელი გადის. აზიური გიგანტის შემთხვევაში, გაყიდვები ყოველი წლის ნოემბერ-იანვარში იკლებს, მაგრამ მარტიდან მკვეთრად იზრდება და ამ დრომდე არნახულ შედეგს აფიქსირებს.
ჩინეთში, BYD უმეტესწილად სწორედ ჰიბრიდული ავტომობილებითაა ცნობილი, რაც რიცხვებითაც დასტურდება. მიმდინარე წლის იანვარში, BYD-მ 171,069 მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, ანუ რეალიზაცია 78.7%-ით გაზარდა, როცა ელექტრომობილების გაყიდვებმა 125,377 ერთეული შეადგინა, რაც 19%-იანი ზრდაა.
ავტომობილების გაყიდვების ჯამური მაჩვენებლის კლების პარალელურად, BYD-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. იანვარში ჩინურმა კომპანიამ საზღვარგარეთ 66,336 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც წლიურად 83.4%-ით, თვიურ ჭრილში კი 16%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის პროგნოზით, BYD-ის დომინაცია ჩინეთის საზღვრებს გარეთ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, ხოლო 2026 წელს ჩინური კომპანია საზღვარგარეთ 1.5 მილიონ ავტომობილს გაყიდის. ჯამურად, ამერიკული ბანკი გაყიდვების ექვს მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, გამოდის, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი სამ წელიწადში გაორმაგდება.
Ferrari 2025 წელს ექვს ახალ მოდელს წარადგენს
გასულ წელს Ferrari-მ რეკორდული შემოსავლები მიიღო, წლევანდელი წელი კი, როგორც ჩანს, მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იქნება. იტალიურმა ავტომწარმოებელმა 2025 წელს ექვსი ახალი მოდელის წარდგენა უკვე დააანონსა, რომელთა შორის Ferrari-ის პირველი ელექტრომობილიც იქნება.
ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელდა. ანგარიში ინვესტორებისთვისაა შემუშავებული და 2024 წლის გაყიდვების მაჩვენებელსაც მოიცავს. ერთ-ერთი ავტომობილი, რომელსაც წელს ვიხილავთ, Ferrari-ის სრულად ელექტრო ავტომობილი იქნება. მისი სახელწოდება ჯერ უცნობია, თუმცა ოფიციალურად ის 9 ოქტომბერს, მარანელოში, Capital Markets Day-ზე გამოჩნდება.
იტალიელები დანარჩენი ხუთი მოდელის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა გარკვეული ვარაუდები უკვე გავრცელდა. იტალიურმა ავტომწარმოებელმა SF90 Stradale-ს წარმოება შეწყვიტა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ V8-ს შემცვლელი 2025 წლის ბოლოს გამოჩნდება. ასევე ველოდებით განახლებულ 296-ს და ლოგიკურად შეიძლება დავუშვათ, რომ Ferrari-ის ახალ მოდელებში კუპეებთან ერთად, კაბრიოლეტებიც უნდა ვიხილოთ.
საინტერესოა ისიც, რომ Ferrari-მ მის მოდელებში V12-ის შენარჩუნების პირობაც დადო. თუმცა მსგავსი რამის მტკიცება ამ ეტაპზე ძალიან რთულია, რადგან სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, არც Ferrari-ია დაზღვეული მკაცრი რეგულაციების გავლენისგან.