კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
Tesla ინდოეთში საწარმოს ასაშენებლად $2-მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla მზად არის, ინდოეთში საწარმოს ასაშენებლად $2 მილიარდი გამოყოს. თუმცა ამისთვის ინდოეთის ხელისუფლება ოპერირების პირველ 2 წელს მათ ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის 15%-მდე შემცირებაზე უნდა დასთანხმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა რამდენიმე თვის წინაც იტყობინებოდა, რომ ინდოეთი ელექტრომობილების პოლიტიკის ცვლილებაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც იმპორტის გადასახადები 15%-მდე შემცირდებოდა. ამჟამად ავტომობილებზე, რომელთა ღირებულებაც $40 000-ს აჭარბებს, ინდოეთი საიმპორტო გადასახადად 100%-ს აწესებს, $40 000-მდე ღირებულების ავტომობილებზე კი 70%-ს.
ილონ მასკის კომპანია მზადაა, ინდოეთში $500 მილიონი ინვესტიცია განახორციელოს, თუ მთავრობა ვალდებულებებს 12 000 ავტომობილისთვის შეუმსუბუქებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება 30 000 ერთეულ ელექტრომობილზე გავრცელდება, ავტომწარმოებელი ინდოეთში $2 მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.
NISSAN-ი ელექტრომობილების წარმოებას ბრიტანეთში დაიწყებს
იაპონური Nissan-ის განცხადებით, კომპანია ელექტრო Qashqai-სა და Juke-ის წარმოებას სანდერლენდში, დიდი ბრიტანეთში დაიწყებს. ინვესტიციის წინასწარი მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდ 250 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სახელმწიფო Nissan-ს საკრედიტო გარანტიებს და სპეციალურ პირობებს მისცემს, რათა ქვეყანაში FDI-ს მოზიდვა წაახალისოს. ბრიტანეთში წარმოებული ელექტრომობილები თავად ქვეყნის და ევროკავშირის მასშტაბით გაიყიდება.
ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც გვეგონა - Ford
ამერიკულ Ford-ში აღიარებენ, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა იმდენად დიდი არ აღმოჩნდა, როგორსაც მას კომპანიაში და ზოგადად ინდუსტრიაში პროგნოზირებდნენ, რის გამოც, ერთ-ერთი უძველესი ავტომწარმოებელი ელექტრომობილების გამოშვების მაჩვენებელს ამცირებს. ამ შემთხვევაში, საუბარია Ford-ის შტატ მიჩიგანის ქალაქ მარშალში ასაშენებელ ქარხანაზე, რომლის მშენებლობა რამდენიმე თვის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი ქარხნის მშენებლობას გააგრძელებს, მაგრამ 400 ათასი ელექტრომობილისთვის საჭირო ელექტრობატარეების ნაცვლად, ქარხნის წარმადობა 230 ათასამდე შემცირდება. გამომუშავებასთან ერთად, Ford-ი თანამშრომელთა რიცხვსაც ამცირებს და 2500 ადამიანის ნაცვლად, ქარხანაში 1700 ადამიანს დაასაქმებს.
ამერიკული გიგანტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები მოულოდნელი არ არის, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები Ford-მა მანამდეც მიიღო. თავის დროზე, Ford-ი ელექტრომობილების ხაზის განვითარების მიმართულებით $12 მილიარდის ინვესტირებას გეგმავდა და სურდა, 2026 წლისთვის, ყოველწლიურად ორი მილიონი ელექტრომობილი ეწარმოებინა, მაგრამ ორივე ეს გეგმა, ამ დროისთვის, აქტიური აღარ არის. ყველაფერი ეს კი, ნათლად აისახება Ford-ის საკულტო ავტომობილის ელექტროვერსიის, F-150 Lightning-ის გაყიდვების მაჩვენებელზე, რომელმაც 2023 წლის მე-3 კვარტალში 46%-ით იკლო.
Volkswagen-ი ჩინური ბაზრისთვის იაფი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს
Volkswagen-ი ჩინური ბაზრისთვის იაფი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს. ავტოგიგანტის გერერალურმა დირექტორმა, რალფ ბრანდშტეტერმა განაცხადა, რომ კომპანიაში უკვე მუშაობენ ახალ პლატფორმაზე, რომელზეც ელექტრომობილის საბაზისო ვერსია აეწყობა. ამ ხაზის ელექტრომობილების საწყისი ღირებულება 19 ათას 600 დოლარი იქნება და Volkswagen-ი 4 მოდელის წარმოებას გეგმავს. ყველა მათგანი ჩინეთში არსებულ ქარხნებში აეწყობა, FAW-VW-ში და SAIC-VW-ში.
Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ასევე აღიარა, რომ ჩინური ბაზარი ფასების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და გერმანულ მწარმოებელს ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევს. საწარმოო ფასების და თითღირებულების შესამცირებლად კი კომპანიას ახალ, A Main Platform-ის მოდელებში ჩინური კომპონენტების ინტეგრირება მოუწევთ. მაგალითისთვის, მხოლოდ მულტიმედია სისტემისთვის განკუთვნილი ეკრანების შესყიდვა ადგილობრივ, ჩინურ მწარმოებელთან, კომპანიას დაეხმარა დანახარჯი ამ მიმართულებით 37% -ით შეემცირებინა.
A Main Platform-ზე აწყობილი ავტომობილების 2026 წლიდან უნდა გაიყიდოს. ინფორმაციისთვის, 2022 წელს Volkswagen-მა აბსოლუტური ლიდერობა ჩინურ ბაზარზე მის კონკურენტს, ჩინურ BYD-ს დაუთმო. მოთხოვნა ID ხაზის ელექტრომობილებზე მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. გაყიდვების ერთ-ერთმა ლიდერმა ID.3, მხოლოდ 22-ე ადგილი დაიკავა ჩინურ ბაზარზე რეალიზაციით, ამასთან ფასების მნიშვნელოვანი კლების შემდეგ მოხერხდა ყოველთვიური გაყიდვების 10 000 ერთეულამდე გაზრდა.
საქართველოდან ყირგიზეთში ნახევარი მილიარდის მანქანები გავიდა - საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი
საქართველოდან ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა წელს ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ყირგიზეთში 493 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 1,135%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებლით ყირგიზეთი საქართველოდან ავტოექსპორტის #1 ბაზარია, მეორე პოზიციას $479 მილიონი დოლარით ყაზახეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია $371 მილიონი დოლარის რეექსპორტით.
თუმცა, ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი დანარჩენი ქვეყნებისგან გამოირჩევა იმით, რომ რეალიზებული ავტომობილის საშუალო ფასი გაცილებით უფრო მაღალია. წელს ამ ქვეყანაში გასული 13 ათასი ავტომობილის საშუალო ფასი 37 ათასი დოლარი იყო, მაშინ როდესაც ყაზახეთში ეს მაჩვენებელი 15 ათასი დოლარი, აზერბაიჯანში კი 19 ათასი დოლარი იყო.
ავტოექსპორტი საქართველოდან 2023 წლის 10 თვეში:
- ყირგიზეთი - $493 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 13,286, ერთის საშუალო ფასი $37 ზრდა წინა წელთან 1135%
- ყაზახეთი - $479 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 31,354, ერთის საშუალო ფასი $15 ზრდა წინა წელთან 772%
- აზერბაიჯანი - $371 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 19,820, ერთის საშუალო ფასი $19 ზრდა წინა წელთან 52%
- სომხეთი - $254 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 14,063, ერთის საშუალო ფასი $18 ზრდა წინა წელთან 204%
- რუსეთი - $67 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 4,959, ერთის საშუალო ფასი $14 ზრდა წინა წელთან 21%
"თეგეტა" ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებისათვის - ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით უნივერსალურ ელექტროდამტენებს განათავსებს
„თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისსა და რეგიონებში ელექტრომობილების უნივერსალურ დასამუხტ სადგურებს განათავსებს. ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულება „თეგეტა ქარსი“, ჯამში, 70-მდე დამტენს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟებს, რომლებიც ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელისათვის იქნება ხელმისაწვდომი. პროცესი დედაქალაქიდან დაიწყება. უკვე შერჩეულია 15-მდე ლოკაცია. პირველ ეტაპზე ელექტრომოწყობილობები ცენტრალურ და ყველაზე დატვირთულ უბნებში განთავსდება - იქ, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.
საგანგებოდ შერჩეულ ადგილმდებარეობასთან ერთად, ელექტრომოწყობილობები დამონტაჟდება „თეგეტას“ მომსახურების ცენტრებშიც, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს. 28-ვე ფილიალი სწრაფი და სტანდარტული დამტენებით აღიჭურვება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე კი 100-კილოვატიანი სწრაფი დასამუხტი სადგურები დამონტაჟდება. ამასთანავე, „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის, ითანამშრომლოს კერძო კომპანიებთან, რომლებსაც სურთ, დამტენები თავიანთი ბიზნესობიექტების ტერიტორიაზე განათავსონ, და სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოს, დამტენების სტრატეგიულ ობიექტებზე დამონტაჟება.