2025 წლიდან FIFA მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს განახლებული ფორმატით ჩაატარებს. პირველ გათამაშებას აშშ უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.
რაც შეეხება ფორმატს და კვალიფიცირების სისტემას, 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ტიტულისთვის ბრძოლას მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.
ცნობილია, რომ ტურნირი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გამარჯვებული მიიღებს. მთლიანობაში ევროპას 12 წარმომადგენელი ეყოლება და შესაბამისად დანარჩენი 8 მონაწილე ასევე უკანასკნელ 4 ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით იქნებიან შერჩეულები.
თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ 2 გუნდი დაიშვება და 2025 წლის ტურნირზე ინგლისიდან მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი”.
სამხრეთ ამერიკიდან 6 გუნდი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, ხოლო აფრიკას, აზიას, ცენტრალურ/ჩრდილოეთ ამერიკას 4-4 გუნდის გამოყვანის უფლება ექნებათ. თითო გუნდებით წარდგებიან მასპინძელი ქვეყანა და ოკეანიის წარმომადგენელი.
განახლებული ფორმატით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს, 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.