მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფილიპინებში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინები

ფილიპინების სამხრეთში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა და 400 დაშავდა, მაშველები გადარჩენილთა პოვნას ცდილობენ.

კუნძულ მინდანაოზე, ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ჯენერალ-სანტოსში, მაშველები სამშაბათს ჩამონგრეული კომერციული შენობის ნანგრევებს ათვალიერებდნენ (სადაც სასურსათო მაღაზია მდებარეობდა), რათა მოეძებნათ ორი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, კვლავ შიგნით არიან მოყოლილი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნანგრევებიდან ორი გადარჩენილი ამოიყვანეს, თუმცა მესამე გარდაცვლილი იპოვეს. სკანერებს დარჩენილ პირთა სიცოცხლის ნიშნები ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:40 საათაზე მოხდა (კვირას 23:40 GMT). ეპიცენტრი სარანგანის პროვინციის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრში იყო. ბიძგები 420 კილომეტრის დაშორებით, ინდონეზიის კუნძულ სულავესის ქალაქ მანადოშიც იგრძნობოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მომდევნო ორი საათის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგი (აფტერშოკი) დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6.5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრამ რამდენიმე ქვეყანაში ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია.

ყველაზე დიდი დარტყმა ჯენერალ-სანტოსმა მიიღო - საპორტო ქალაქმა, სადაც დაახლოებით 720 000 ადამიანი ცხოვრობს. ჩამონგრეულ შენობებსა და ჩამოცვენილ ნამსხვრევებს იქ სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქში გამოცხადდა საგანგებო (სტიქიური უბედურების) მდგომარეობა.

ეს ფილიპინებში ბოლო რვა თვის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა, მას შემდეგ, რაც გასულ წელს სებუსთან მომხდარმა 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 79 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები