მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა IMF-ის მისიას შეხვდნენ

IMF მისია

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიის მიერ აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა, ასევე უმუშევრობის დონის შემცირება, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისია მოელის, რომ მომავალ წელს, შეუფერხებლად განხორციელდება ევრობონდების რეფინანსირება. განსახილველ საკითხებს შორის იყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელზეც სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, IMF-მა დადებითი მოლოდინი გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის წესდების (IV მუხლის დებულებით) გათვალისწინებულ მოლაპარაკებებს, რომელიც 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.

IMF-ის მისია მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრებს.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

2025 წლის ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ამ დრომდე IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არც იგეგმება. გიორგი კაკაურიძე განმარტავდა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროებას გამოკვეთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები