საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქმიანობა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, მისია კონსულტაციებს ახორციელებს IMF-ის დებულების მეოთხე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, მისიის მიერ გამართული შეხვედრა ფონდის შეჩერებულ პროგრამის სამიზნე პარამეტრებს არ უკავშირდებოდა და ის ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის შესახებ ზოგადი ხასიათის შეფასების მომზადებას ემსახურებოდა.
"აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.
ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადობას ადასტურებს და ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებლებს.
რეფორმებისა და კაპიტალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისათვის ანალიზის, პროგნოზირებისა და დაგეგმვის ინსტრუმენტების შემდგომი სრულყოფის მიზნით.
აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობა და როლი, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.
IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.