მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსურ ჰაბად ტრანსფორმაციის ₾10 მილიონიანი სტრატეგია არ ჩანს - გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი Rothschild & Co-სთან?

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი BMG-ის კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა Rothschild & Co-სთან 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტი პასუხობს, რომ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კონტრაქტი შეეხებოდა სამინისტრო მუშაობას აგრძელებს, თუმცა მინისტრი მკაფიოდ არ ამბობს, გაგრძელდება თუ არა ეს ხელშეკრულება. ამასთან, იმ სამუშაოზე, რაც Rothschild & Co-მ შეასრულა, მინისტრი აცხადებს, რომ Rothschild & Co-ს მიერ შექმნილი "გარკვეული ანგარიშები არსებობს".

ამ "გარკვეულ ანგარიშებში" საქართველოს მთავრობამ 2021 წლის შემდგომ 10 მილიონ ლარამდე თანხა გადაიხადა, თუმცა კონკრეტული პროექტი ან სტრატეგია ამ დრომდე არაა წარმოდგენილი. კომპანიასთან საკონსულტაციო მომსახურების დამკვეთი მთავრობის ადმინისტრაცია იყო და ლევან დავითაშვილი კომენტარში მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებების წამყვანი უწყება არ ყოფილა. გაცხადებული მიზნების თანახმად, Rothschild & Co-ს უნდა შეექმნა სტრატეგია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გადააქცევდა.

"ჩვენ ამ საკონსულტაციო ჯგუფთან გვქონდა მოლაპარაკებები, ჩვენ არ ვიყავით წამყვანი უწყება ამ ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესში. კონსულტაციები ჩვენ გვქონდა მათ შორის რეგიონული საფინანსო ცენტრის პრინციპებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სამინისტროში ამაზე მუშაობა ისედაც მიდის.

შეფასდა თუ ვინ შეიძლება იყოს მომხმარებლები და რა სახის შეიძლება იყოს ეს პროექტი, ამ მხრივ გარკვეული მონახაზები არსებობს.

გარკვეული ანგარიშები არსებობს, რაც ჩვენ გვაქვს ნანახი, მათ შორის კონსულტაციები ჩვენ ამ უწყებასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები გარკვეული მიმართულებებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რას წარმოადგენდა Rothschild & Co-სთან კონტრაქტის არსი და რა არის მასზე ცნობილი?

კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა. პროექტის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა 2022 წლის 17 იანვარს, მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა ახალი ტიპის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელწოდებით, “სპეციალური ფინანსური ზონა”, სადაც საერთაშორისო კომპანიების ოფისები განთავსდებოდა. მაშინ ითქვა, რომ თბილისის ზღვასთან, ასევე გონიოში 110 ჰექტარზე შეიქმნებოდა სპეციალური ფინანსური ზონები, სადაც საერთაშორისო კომპანიები საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ გააკეთებდნენ მრავალმილიონიან ინვესტიციებს და დაასაქმებდნენ პირებს. თუმცა, ამ ერთი საჯარო განცხადების მიღმა დეტალები არ თქმულა.

“გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან. 110 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსდება სავარაუდოდ, ეს ცენტრი. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს ეს ტერიტორია. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა, დისტანციური დასაქმების ეპოქაში, თბილისის ზღვასთან ან გონიოში მდებარე ოფისები რით დააინტერესებს ინვესტორებს, რათა აქ უშუალოდ ოფისებში სამუშაოდ აიყვანონ პირები უცნობია.

ასევე არ არის ცნობილი რა სახით იყო ამ პროექტის შემუშავებაში ჩართული Rothschild & Co, თუ ეს თავად მთავრობის ადმინისტრაციის იდეას წარმოადგენდა და საკონსულტაციო კომპანიას ეს იდეა უბრალოდ უნდა გაემართა და გლობალური ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფორმით უნდა შეეფუთა.

გადახდილი თანხები:

სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და რომელიც შესაძლოა მკაფიო სახით არც არსებობს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მილიონობით ლარი დაუჯდა.

Rothschild & Co-სთვის 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტის გეგმით კომპანიისთვის გადასარიცხი თანხა 5.9 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები