ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის ვერ ისაუბრებს დეტალებზე თუ რა სტრატეგიული დოკუმენტი მოამზადა Rothschild & Co-მ. ამასთან, მინისტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ შესყიდვაში მთავარი მონაწილე მხარე იყო მთავრობის ადმინისტრაცია და არა ეკონომიკის სამინისტრო.
ცნობისთვის, საქართველოს წინა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიასთან კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ისეთი სტრატეგიის მომზადება, რომელიც საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნიდა. 3 წლის და დახარჯული 10 მილიონი ლარის შემდეგ სტრატეგიის დოკუმენტი არსად ჩანს.
ლევან დავითაშვილს ამ კონტრაქტზე კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც დაუსვა. მინისტრის თქმით, მას ნანახი აქვს კვლევები, რაც Rothschild & Co-მ მოამზადა და მიღება ჩაბარების აქტებიც არსებობს.
"ჩვენს სამინისტროს ეს კონტრაქტი არ დაუდია, ვერ მოგახსენებთ, კონკრეტული კვლევები საკონსულტაციო კომპანიის, რომელიც მთავრობამ დაიქირავა, ჩვენ ნანახი გვაქვს და მონაწილეობა გვაქვს მიღებული მუშა პროცესში. მიღება-ჩაბარებები არსებობს და შეგიძლიათ საჯარო ინფორმაციები გამოითხოვოთ.
ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევარი და ეს პროცესი გაგრძელდება. მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ იმისთვის რომ შეიქმნას ფინანსური ჰაბი, უნდა არსებობდეს ფინანსური ინსტრუმენტები, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები, მნიშვნელოვნად განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რაზეც ასევე ნამუშევარი გვაქვს, იგივე ტრასტების კანონმდებლობა და თქვენ მოგიწევთ განხილვებში ჩართვა და უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ბაზა და სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ფინანსური კუთხით უფრო მეტი ოპერაცია მოვიზიდოთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გადახდილი თანხები:
სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და რომელიც შესაძლოა მკაფიო სახით არც არსებობს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მილიონობით ლარი დაუჯდა.
Rothschild & Co-სთვის 2022 წელს გადახდილია 3.8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს დახარჯულია 6 მილიონი ლარი. შესაბამისად, ამ დრომდე სტრატეგიის მომზადებაში 10 მილიონი ლარი არის გადახდილი.