ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები მსოფლიოში არსებული რეგიონული კონფლიქტებისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორებად დაჩქარებული საკრედიტო აქტივობისა და მომსახურების სექტორის პროდუქტიულობის შედეგად გაზრდილი შიდა და გარე მოთხოვნა განიხილება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასა და, რეგიონული კონფლიქტების შედარებით სწრაფი მოგვარების შედეგად, გლობალურად სასურსათო ნედლეულის ფასებზე წნეხის შემცირებასთან არის დაკავშირებული. პესიმისტური სცენარი, მსოფლიოში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების ესკალაციისა და გლობალურად გამკაცრებული სავაჭრო და ფინანსური პირობების ფონზე, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ფუნდამენტური ცვლილებების რისკებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები გაზრდილია.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.