საქართველოს საჯარო რეესტრს უძრავ ქონებაში საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ტრანზაქციების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენა დაევალა - ამას ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და იუსტიციის მინისტრის ბრძანება. აღნიშნული სამუშაო საჯარო რეესტრში 9 დასაქმებულისგან შემდგარმა მონიტორინგის დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს.
კანონის თანახმად, რეესტრის მიერ გაგზავნილი შეტყობინების განხილვისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 24-საათიანი დრო ექნება, რა პერიოდის განმავლობაშიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების შეჩერების გადაწყვეტილების გამოცემის უფლება ექნება.
ახალი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები ასე ნაწილდება:
ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სააგენტოსთვის, როგორც ანგარიშვალდებული პირისათვის, განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარესთან კოორდინაციით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ აქტებზე მუშაობა;
გ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ე) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
როგორ იმუშავებს უძრავ ქონებაში საეჭვო გარიგებების შეჩერების სისტემა - აღწერა განმარტებითი ბარათიდან:
"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება პრევენციული ღონისძიებების გატარება. განისაზღვრება საჯარო რეესტრის მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო გარიგების გაგზავნის წესი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს საეჭვო გარიგების კრიტერიუმებს, ხოლო მისი გამოვლენის შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგენს ანგარიშგებას. თავის მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოიყენოს გარიგების შეჩერების მექანიზმი, ხოლო აღნიშნულის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სარეგისტრაციო წარმოებას. შედეგად, უძრავ ქონებაზე გარიგების რეგისტრაციის პროცესი არ შეფერხდება, ხოლო მეორე მხრივ საეჭვოობის დადგენის შემთხვევაში საჯარო რეესტრს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამართლებრივი საფუძველი უჩნდებათ საეჭვო გარიგების ფარგლებში შესაძლო ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევები აირიდონ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს საჯარო რეესტრის სამსახურის ვალდებულებას წარადგინოს ანგარიშგება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, თუკი საეჭვო გარიგება გამოვლინდება უფლების რეგისტრაციის შემდგომ,"- ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.