მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე საეჭვო გარიგებებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეაჩერებს - კანონპროექტი

უძრავი ქონება

საქართველოს საჯარო რეესტრს უძრავ ქონებაში საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ტრანზაქციების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენა დაევალება - ამას ითვალისწინებს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს, ის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, კანონპროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით მომზადდა.

კანონპროექტის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიქმნება 9 დასაქმებულისგან შემდგარი მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელში დასაქმებულთა წლიური ანაზღაურების სახელფასო ფონდი მთლიანობაში 320 ათასი ლარი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, რეესტრის მიერ გაგზავნილი შეტყობინების განხილვისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 24-საათიანი დრო ექნება, რა პერიოდის განმავლობაშიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების შეჩერების გადაწყვეტილების გამოცემის უფლება ექნება.

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალება პრევენციული ღონისძიებების გატარება. განისაზღვრება საჯარო რეესტრის მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო გარიგების გაგზავნის წესი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს საეჭვო გარიგების კრიტერიუმებს, ხოლო მისი გამოვლენის შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგენს ანგარიშგებას. თავის მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოიყენოს გარიგების შეჩერების მექანიზმი, ხოლო აღნიშნულის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სარეგისტრაციო წარმოებას. შედეგად, უძრავ ქონებაზე გარიგების რეგისტრაციის პროცესი არ შეფერხდება, ხოლო მეორე მხრივ საეჭვოობის დადგენის შემთხვევაში საჯარო რეესტრს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამართლებრივი საფუძველი უჩნდებათ საეჭვო გარიგების ფარგლებში შესაძლო ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევები აირიდონ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს საჯარო რეესტრის სამსახურის ვალდებულებას წარადგინოს ანგარიშგება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, თუკი საეჭვო გარიგება გამოვლინდება უფლების რეგისტრაციის შემდგომ,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები