მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე დანამატის სახით 393,184 ლარი დასაბუთების გარეშე გაიცა - აუდიტი

ფული

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა თანამშრომლებზე 2 წელში დანამატის სახით 393,184 ლარი დასაბუთების გარეშე გასცა. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2021 წელს დანამატის სახით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა 196,817 ლარი, ხოლო 2022 წელს − 196,367 ლარი, მაგრამ სამსახურმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება (ან საქმიანობა ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში) დაევალათ თანამშრომლებს. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ასეთი სახის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ სამსახურის თანამშრომლებისთვის დანამატის გაცემის დოკუმენტური საფუძვლების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალების დოკუმენტურ დადასტურებას.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2021-2022 წლებში ვაკანტური თანამდებობების არსებობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით ხანგრძლივი დროით დასაქმებული იყო 5 პირი. თუმცა სამსახურმა ვერ წარმოადგინა შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც აუდიტის დასკვნით, კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები