მსოფლიოში ტყეების რაოდენობა მცირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, 1990-იდან 2020 წლამდე 420 მილიონი ჰექტარი ტყე გაქრა. ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროპაში ტყეების შემცირების ტენდენცია შეჩერდა. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის 39% ტყითაა დაფარული, რაც 1990 წლის შემდეგ 10%-იანი ზრდა არის.
ამასთან, ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოს თავისი მიწის ნახევარზე მეტი ტყით აქვს დაფარული, რეიტინგი ასეთია:
- ფინეთი - 66%
- შვედეთი - 63%
- სლოვენია - 61%
- ესტონეთი - 54%
- ლატვია - 53%
ქვეყნები, როგორიცაა - დანია, ირლანდია, ნიდერლანდები და მალტა ბევრად ჩამორჩებიან აღნიშნულ ქვეყნებს.
- დანია - 15%
- ირლანდია - 11%
- ნიდერლანდები - 10%
- მალტა - 1%
დანიის მთავრობის განცხადებით, 1800 წელს მრავალსაუკუნოვანი უკონტროლო ჭრებისა და სოფლის მეურნეობისთვის გაწმენდის გამო დანიის მხოლოდ 2-3% იყო ტყით დაფარული. მსგავსი ისტორია აქვს ირლანდიასაც, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნის ტყის საფარი 80%-იდან დაახლოებით 1%-მდე შემცირდა.
„თუ გადავხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ნიდერლანდები ან დანია, მათ ტყეების ძალიან დაბალი საფარი აქვთ, თუმცა, ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მიწას. ნიდერლანდები დიდი რაოდენობით საკვებს აწარმოებს, თუ ისინი არსებულ მიწას სოფლის მეურნეობიდან სატყეო მეურნეობაზე გადავლენ, მათ გაცილებით ნაკლები ეკონომიკური შემოსავალი ექნებათ", - ამბობს ევროპის ტყის ინსტიტუტის მეცნიერი მარკუს ლინდნერი.
ამასთან, დოქტორი ლინდნერი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ირლანდია, პოლიტიკოსებმა ხის წარმოების გაფართოება გადაწყვიტეს.
„ბევრი ქვეყნის ტერიტორია ტრადიციულად საძოვრად და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ეს ეკონომიკურად მოგებიანი აღარ იყო, ქვეყნებმა სასოფლო-სამეურნეო მიწები ტყედ აქციეს", - განმარტავს ის.
ინფორმაციისთვის: 2023 წლის დასაწყისში, ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ტყეები მასობრივი გაჩეხისგან თავის არიდების მიზნით, ტყეების რაოდენობის შემცირების პრობლემის გადასაჭრელად საკითხს კენჭი უყარა.