საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა კლების ტრენდს ინარჩუნებს. ბოლო 1 წელიწადში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ 9.3%-ით (- 3233 მომხმარებელი) შემცირდა და 313 968 აქტიური აბონენტი შეადგინა. მათი 21.8% „ახალი ქსელების“ მომხმარებელია.
მსოფლიო და ადგილობრივი ტენდენციის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა შემცირდა „ახალ ქსელებშიც“. კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიას ჰყავდა 68 505 აქტიური აბონენტი, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 10.7%-ითაა შემცირებული. შემცირდა სატელეფონო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალიც, რამაც 313 968 ლარი შეადგინა, ეს წლიურად 9.3%-იანი კლებაა. ბოლო 5 წლიან ჭრილში კომპანიის შემოსავალი რაოდენობა თითქმის განახევრდა. აბონენტების რაოდენობა კი, 1.6-ჯერ შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მონაცემებით საქართველოს ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარს 1 111 763 მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო 2022 წლისთვის 313 968, ანუ 12 წლის განმავლობაში აბონენტთა რაოდენობა 72%-ით შემცირდა.
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კლების პარალელურად სტაბილური ზრდის ტემპით გამოირჩევა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების სეგმენტი. ამ მხრივ პოზიტიური ცვლილება შეინიშნება „ახალ ქსელებშიც“. 2022 წლისთვის „ახალი ქსელების“ აბონენტების რაოდენობის მაჩვენებელს 2.1%-იანი ზრდის ნიშნული ჰქონდა, რაც მენეჯმენტის განმარტებით, განპირობებული იყო როგორც კომპანიის შიდა აქტიური პოლიტიკით, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობით.
2022 წლის მდგომარეობით ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე პირველ ადგილს "მაგთიკომი" იკავებს, მას მოსდევს "სილქნეტი", "სქაიტელი" და "ახალი ქსელები" 4.5% საბაზრო წილით.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანობაში „ახალი ქსელების“ შემოსავალი 2022 წელს 19.1 მლნ ლარი იყო. საერთო მოგება 4.3 მლნ-ს, წმინდა მოგება კი, 966 ათას ლარს შეადგენდა.
2022 წლის ბოლოსთვის „ახალი ქსელების“ 46.2% ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის (წილის მმართველია ლალი რუხაია), 33.17% ეკუთვნის ავთანდილ იაშვილს, 10% - „სისტემ ნეტს“, 4.16% - ლილი სუხიტაშვილს, 3.68% - „მეკავშირე 97“-ს, დანარჩენი 4 წვრილ აქციონერს.