მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფიშმარკეტში" თევზის 90% იმპორტირებულია - რატომ ვერ ვითარდება საქართველოში თევზის წარმოება?

647f22e5a6372
ლიკა გურაბანიძე
07.06.23 16:50
2046
“ფიშმარკეტის" მაღაზიაში ადგილობრივი წარმოების თევზის წილი მხოლოდ 10%-ია, ხოლო 90% იმპორტირებულია. კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე რევია აღნიშნავს, რომ მათი სურვილი - ჰქონდეთ ადგილობრივი თევზის ფართო ასორტიმენტი - დიდია, თუმცა შავ ზღვაში ქაოსურ თევზჭერასთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის და არასტაბილური ადგილობრივი მომწოდებლის გამო, ეს უჭირთ.

“ადგილობრივ ბაზარზე დგას იმისი პრობლემაც, რომ მომწოდებლები ვერასდროს ერთი და იგივე ხარისხის თევზს ვერ გვაწვდიან და მოწოდების ფასებიც არასტაბილურია. შესაბამისად, გარკვეული პოზიციების იმპორტირებულით ჩანაცვლება გვიწევს. თუმცა, იმპორტირებული არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იქნება ადგილობრივი ბაზრის სრულად იმპორტირებულით ჩანაცვლება. მაგალითად, შავ ზღვაში არის თევზის გარკვეული სახეობები, რომლის ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან შეუძლებელია და ასევე არის სხვა ქვეყნებში სახეობები, რომლის მოყვანა ენდემურად საქართველოში შეუძლებელია.

შესაბამისად, იმისათვის, რომ მომხმარებელს მრავალფეროვნება შევთავაზოთ, გვიწევს იმპორტზე დამოკიდებულები ვიყოთ”, - აღნიშნა რევიამ.

ცნობისთვის, “ფიშმარკეტის" თევზის მაღაზია 2017 წელს გაიხსნა, სადაც 100-ზე მეტი დასახელების როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული თევზი შედის. კომპანია პროდუქციას ჰორეკა სექტორსაც სთავაზობს. “ფიშმარკეტის" მაღაზიაში იმპორტირებული 1 კგ თევზის ფასი 25 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივის ღირებულება კი 17-დან 150 ლარამდეა.

2023 წელს 4 თვეში საქართველომ ახალი ან გაცივებული 77.9 ტონა თევზის პროდუქტის ექსპორტიდან 1,014 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 158.7 ტონა პროდუქტის უცხოეთში გაყიდვიდან - 246.3 ათასი აშშ დოლარი.

ქვეყნები, სადაც 2023 წელს საქართველოდან თევზი გავიდა, შემდეგია:

სომხეთი - 52 ტონა (821.5 ათასი აშშ დოლარი) 

აზერბაიჯანი - 13.4 ტონა (131.1 ათასი აშშ დოლარი) 

უკრაინა - 12.4 ტონა (61.9 ათასი აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები