მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა GOGC-ის საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე დაადასტურა

6087f0125342f
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.21 15:10
947
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საკრედიტო რეიტინს “BB” დონეზე ადასტურებს. Fitch-ის განცხადების თანახმად, რეიტინგის განახლებასთან ერთად ორგანიზაცია “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” (GOGC) საკრედიტო რეიტინგის წარმოებას აჩერებს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო GOGC-ის მიერ ევრობონდების რეფინანსირების შესახებ წერს. სახელმწიფო კომპანიამ 2020 წლის სექტემბრის ბოლოს EBRD-თან 217 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო დაფინანსებას მოაწერა ხელი, რაც კომპანიის მიერ გამოშვებული $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებისთვის არის განკუთვნილი.

Fitch-ის პროგნოზის თანახმად, ისინი მოელიან, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, ასევე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მოგების მარჟა ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან შემცირდება, თუმცა ამავდროულად პროგნოზში საუბარია იმაზეც, რომ “გარდაბანი 2-ის თბოსადგურის შემოსავალი კომპანიის EBITDA-ს (მოგება საპროცენტო და საგადასახადო ხარჯებამდე) დააბალანსებს. 2023 წლიდან კი ორგანიზაციის შემადგნლობაში “გარდაბანი 3”-ის 273-მეავატიანი სადგურიც ამუშავდება; ამავე პერიოდიდან საქართველო აზერბაიჯანიდან უფრო იაფი ღირებულების ბუნებრივ აირს მიიღებს, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვის ზრდით იქნება განპირობებული. შესაბამისად, Fitch-ი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ფინანსური ნაკადები მომავალში მზარდი იქნება.

კაპიტალურ დანახარჯებს შორის GOGC-ი ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს, მათ შორის პირველი “გარდაბანი 3”-ის თბოსადგური, მეორე კი “მიწისქვეშა გაზსაცავის” პროექტია, თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით Fitch-ი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება მათი ვარაუდით, კვლავ გაჭიანურდება.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 2020 წლის სრული ფინანსური ანგარიში, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია. საჯაროა კომპანიის მხოლოდ შუალედური ანგარიში, რომელიც 2020 წლის 6 თვის შედეგებს ასახავს. ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა - 486 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 45.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის ნოემბერში GOGC-მა “გარდაბანი 3”-ის თბოსადგურის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტს $174.8 მილიონ აშშ დოლარად თურქული კომპანია “ჩალიკ ენერჯი” ააშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები