მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Fitch-მა ვექტორი შეგვიცვალა" - ნიკა გილაური ხსნის, რას ნიშნავს პერსპექტივის "ნეგატიურამდე" გაუარესება

ნიკა გილაური

საქართველოს ექსპრემიერის, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურის შეფასებით, Fitch-მა საქართველოს ვექტორი შეუცვალა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის "BB" დონეზე დატოვების, მაგრამ პერსპექტივის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" გაუარესების კომენტირებისას განაცხადა.

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა

რა არის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი და რა გამოყენება აქვს მას?

- სუვერენული რეიტინგი გარკვეულწილად არის იმის მაჩვენებელი, რამდენად მაღალრისკიანია ან სანდოა ესა თუ ის ქვეყანა ან კომპანია. თუ ქვეყანას BBB და A რეიტინგი აქვს მინიჭებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ნებისმიერ ფონდს შეუძლია იქ ფულის ჩადება. საქართველოს რომ ჰქონდეს BBB რეიტინგი, ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვა შეგვეძლებოდა, მაგრამ რადგან BBB რეიტინგზე დაბალია ჩვენი საკრედიტო რეიტინგი, მაღალრისკიან ქვეყნად ვითვლებით და საინვესტიციო თუ საპენსიო ფონდების დიდ ნაწილს უფლება არ აქვს ასეთ მაღალრისკიან ქვეყანაში ინვესტირების ან შეიძლება, ჰქონდეთ შიდა რეგულაცია, განსაკუთრებით, საპენსიო ფონდებს, რომლის თანახმად, მათ ჯამური საინვესტიციო ფონდის მხოლოდ 10-15% შეუძლიათ მიმართონ დაბალი რეიტინგის კომპანიებში; ამიტომ ჩვენნაირი ქვეყნების მიზანია, BBB საკრედიტო რეიტინგს მივაღწიოთ, რათა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გაიზარდოს და აქეთკენ მივდიოდით...

- ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გულისწყვეტა მახსოვს - წუხდა, რომ სების პრეზიდენტობის მანდატის პერიოდში საქართველომ საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი ვერ მიიღო.

- 12 წლის წინაც ვამბობდით, რომ ახლოს ვიყავით საინვესტიციო რეიტინგთან. 12 წელი გავიდა და ისევ იქ ვდგავართ. BB რეიტინგი მაშინაც გვქონდა - 2012 წელს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და მაშინაც მაგას ვნანობდი, როგორ ვერ მივაღწიეთ BBB- რეიტინგს მაინც-მეთქი. 12 წელი გავიდა და ისევ BB რეიტინგი გვაქვს. მეტიც, სამწუხაროდ, პერსპექტივა „პოზიტიურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეგვიმცირეს. რას ნიშნავს ეს? – როცა ქვეყანას „პოზიტიური“ პერსპექტივა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 თვის შემდეგ, როცა Fitch-ი გადახედავს რეიტინგს, დიდი შანსია, გაგვიზარდოს [რეიტინგი], ხოლო როცა „ნეგატიური“ პერსპექტივა აქვს, იმის ნიშანია, რომ დიდი შანსია შეგვიმციროს რეიტინგი და BB-დან ჩამოვიდეთ (BB-) -ზე ან (B+) -ზე. ამდენად, პერსპექტივის „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შემცირებით, რეალურად, Fitch-მა ვექტორი შეგვიცვალა - გვითხრა, რომ თუ თქვენ აქამდე მზარდი ვექტორი გქონდათ და შეიძლებოდა, უახლოეს 3-4 თვეში გადაგვეხედა თქვენი ეკონომიკური მაჩვენებელი და მიგვენიჭებინა BB+ ან BBB-, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, ეკონომიკა შეიცვალა, პოლიტიკა შეიცვალა და ჩვენც ვცვლით წარმოდგენას თქვენ მომავალზეო. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 თვის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადახედავენ მაჩვენებელს, ძალიან დიდი შანსია არათუ რეიტინგის/პერსპექტივის გაზრდის, არამედ - შემცირების.

- რას ნიშნავს საკრედიტო რეიტინგის ან პერსპექტივის გაუარესება, ზოგადად, ქვეყნისთვის და ქართული კომპანიებისთვის?

- ქვეყნისთვის და ბიზნესისთვისაც ეს ნიშნავს გაძვირებულ საკრედიტო რესურსს და გაძვირებულ საინვესტიციო ფულს ანუ გაიზარდა ქართული კომპანიების რისკი. შესაბამისად, თუ საერთაშორისო პარტნიორს სურს, საქართველოში რაიმე ინვესტიცია გააკეთოს, ის ადგილობრივ პარტნიორს უკვე სხვანაირად ესაუბრება - „იცი რა, შენი რისკი გაიზარდა, ამიტომ თუ ამდენ მოგებას წერდი, ეს ჩემთვის საინტერესო არაა. რეალურად, მოლაპარაკებებში ქართული ბიზნესის ძალა შემცირდა ანუ კაპიტალის მოზიდვის ფასი გაეზარდა ქართულ ბიზნესს, ქართულ ბანკებს კი გაეზარდათ კრედიტის მოზიდვის ფასიც და შესაბამისად, ეს აისახება ადგილობრივ მცირე ბიზნესსა და მოქალაქეებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები