2020 წლის აპრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
კერძოდ, მარტთან შედარებით ლარში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი 1.8 პროცენტული პუნქტით 21.9%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი კი 1.3 პროცენტული პუნქტით, 6.1%-მდე გაიზარდა.
წლიურ ჭრილში განაკვეთების ცვლილება კიდევ უფრო მკვეთრია. 2019 წლის აპრილში ლარის სესხების საშუალო განაკვეთი 17.4% იყო, შესაბამისად, საკრედიტო რესურსის გაძვირება 4.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. უცხოურ ვალუტაში კი, პირიქით შემცირება შეიმჩნევა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების განაკვეთები 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
რაც შეეხება იურიდიული პირების სესხებს, აპრილში ეროვნულ ვალუტაში მათი საშუალო განაკვეთი 12.1% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში განაკვეთმა კი, 6.9% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ცვლილება არ ფიქსირდება.