პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გადასახადი რეფორმის ფარგლებში უნდა გაიმიჯნოს და ფიზიკური პირების ნაწილში ცვლილებები დროულად უნდა შევიდეს.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, შესაბამისი ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად ეზრდება, ნაწილს კი უმცირდება. შესაბამისად, მთავრობა ამ რეფორმის გატარებას არ ჩქარობს.
როგორც გოცირიძე BMG-სთან აცხადებს, ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დღეს არსებული, 40 ათას ლარიანი ზღვარი მოძველებულია და მისი მოდიფიცირებააა საჭირო.
„დღეს არის სერიოზული პრობლემა ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ეს კანონი 20 წელიწადზე მეტია რაც მუშაობს. 20 წლის განმავლობაში ფასები გაორმაგდა ქვეყანაში. 180%-ით გაიზარდა ინფლაცია და ქაღალდზე ადამიანებს შემოსავლები გაეზარდა. მოქმედი კანონმდებლობით კი ოჯახში თუ ორი პირი მუშაობს და 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი უგროვდებათ წელიწადში, ქონების გადასახადის გადამხდელია. შესაბამისად, დღეს ფაქტობრივად ლამის ყოველი მეორე კი არა, უფრო მეტი არის ქონების გადასახადის გადამხდელი. ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია.
2023 წელს ამ საკითხზე ჩემი ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტში ყველას მოეწონა, მათ შორის „ოცნებასაც“, თუმცა ჩააგდეს იმის გამო, რომ თურმე მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და ამზადებს უკეთესს, თუმცა დღემდე არაა გაკეთებული.
40 000-დან კი არ უნდა იწყებდნენ გადასახადის გადახდას ჩვენი მოქალაქეები, არამედ უფრო მაღალი განაკვეთიდან, ან თუნდაც იგივე იყოს ის „ესტონური“ ვარიანტი, რომელიც არა ქონების ფართზე იქნება მიბმული, არამედ მიწაზე. ყველაფერი შეიძლება. მთავარია, რომ დაიწყოს ეს პროცესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გეგმავდა.
მიმდინარე წლის მარტში BMG-ის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება ქონების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის იქნება მზად საკანონმდებლო ცვლილებები.




























