მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოლადზე ტრამპის ტარიფებმა გლობალური სავაჭრო წესები დაარღვია - WTO

6395a500b438e
თათია კაკიაშვილი
11.12.22 13:37
627

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) დაადგინა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესდა, გლობალურ სავაჭრო წესებს არღვევს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, 2018 წელს ახალი საიმპორტო გადასახადების შემოღებამ მსოფლიოში სავაჭრო დაპირისპირებები გააღვივა.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის ადამ ჰოჯის თქმით, აშშ ზომების შემსუბუქებას არ აპირებს.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებულია, შეინარჩუნოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი ფოლადისა და ალუმინის მრეწველობის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატები 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მკაფიო და ცალსახა პოზიციას. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტისას ვერ განვიხილავთ,“- განაცხადა ადამ ჰოჯმა.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჩინეთმა, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და თურქეთმა დაიწყო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განცხადებით, აშშ-ის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ასე არაა. WTO-ს წესების თანახმად, თუ ქვეყანა გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ქვეყნებს, რომლებმაც საჩივრები შეიტანეს, უფლება აქვთ აშშ-ის საპასუხო ტარიფები დაუწესონ.

ჩინეთის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ აშშ მის პოლიტიკას „რაც შეიძლება მალე გამოასწორებს“.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები დააწესა „უსამართლო კონკურენციისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების" მოტივით. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ევროკავშირს გაუგზავნა წინადადება, რომელშიც ასახულია ახალი გეგმა ფოლადისა და ალუმინის გლობალური ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით. საუბარია ლითონებით ვაჭრობის ხელშეწყობასა და ნახშირბადის ემისიების მინიმუმამდე შემცირებაზე, აგრეთვე, ტარიფების დაწესებაზე იმ ლითონებზე, რომლებიც დაბინძურების გამომწვევად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ასეთი გეგმა ჯერ არ არის გამოქვეყნებული, სავარაუდოა, რომ ჩინეთს დაეკისრება გადასახადები ლითონების გაყიდვის მცდელობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები