მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ყველაფერი ბათუმში მშენებარე „ხელოვნური კუნძულის“ შესახებ

630770a324033
გიორგი არონია
26.08.22 00:00
9863

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის სანაპიროზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. პროექტის მნიშვნელობას ადასტურებს მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რომლის შედეგად, ამ $100-მილიონიან მეგაპროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კონცეფციას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვა და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება, რაც ქალაქის არსებული ჭარბი განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის კონცეპტუალურ მხარეზე მისი მშენებელი კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს, რადგან ბათუმი აილენდის ტერიტორიის შესაძლო ქაოსური განაშენიანება კომპანიის მესვეურებისთვის მიუღებელია. საინტერესოა ისიც, რომ ამ მიმართულებით პროექტში მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიც არიან ჩართულნი, მათ შორის Colliers International-ი, Yüksel Project International-ი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული დამგეგმარებელი კომპანია Arup-ი. ამგვარად, როგორც ბათუმი აილენდის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, პროექტის კონცეფცია დეტალური და გააზრებული იქნება.



თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დადებითად აისახება არამხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, არამედ ადგილობრივ შრომის ბაზარზეც. როგორც პროექტის მესვეურები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში 2000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოსა და რეგიონის წამყვანი ბიზნესგამოცემების, Forbes Georgia-სა და „ბიზნეს მედია საქართველოს“ მხრიდან ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტით დაინტერესება ჩვენი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამგვარად გადავწყვიტეთ დაინტერესებულ აუდიტორიას „ბათუმი აილენდის“ პროექტის შესახებ მეტი მოვუყვეთ და განვუმარტოთ არამხოლოდ ამ პროექტის მნიშვნელობა, არამედ ვაუწყოთ ისიც, თუ რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა და ვინ არის ამ პროექტის მესაკუთრე.

მოდი, ისტორიით დავიწყოთ: ბათუმში ღუზის ფორმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა, ყველაფერი მალევე გაცხადდა, როცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბიექტს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტს ახორციელებს, აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია გადაეცა „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლებაში.



ისე კი, ამ პროექტს არასდროს აკლდა სამთავრობო მხარდაჭერა. თავის დროზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმჟამინდელი მინისტრი, ნათია თურნავაც: „ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი“, – ამბობდა თურნავა გასული წლის სექტემბერში.

აქვე უნდა ითქვას, რომ იმ დროს, მინისტრმა პროექტის ტექნიკურ მხარეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ეს საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია, რომელიც ძალიან დეტალურ, სკრუპულოზურ კვლევას მოითხოვს, რაზეც პასუხისმგებლობა ინვესტორმა უნდა აიღოს.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მეგაპროექტების განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორს ბევრი სხვა პასუხისმგებლობაც ეკისრება, რის გამოც, მნიშვნელოვანია, ჩვენს საქმიან მკითხველს ავუხსნათ, თუ ვინ დგას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის უკან. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ინვესტორია „ამბასადორი ჯგუფი“, რომლის დამფუძნებელი ქებურიების ოჯახია. „ამბასადორი ჯგუფის“ საქმიანობის ძირითად სფეროს ტურისტული ინფრასტრუქტურის განაშენიანება და მართვა მოიცავს – კომპანიის მთავარ პროექტებს თბილისსა და ბათუმში მდებარე „ამბასადორის“ ბრენდის სასტუმროები წარმოადგენს. პარალელურად ამისა, კომპანია ორ სასტუმროს აშენებს, ბათუმის ბულვარსა და გოდერძის უღელტეხილზე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის კუნძულის პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩაერთვება კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს. ცნობისთვის გეტყვით, რომ შპს „ბათუმი აილენდის“ 100%-იან წილს ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე ფლობს.

ბათუმის პალმის კუნძულის პროექტის დაანონსების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და უპრიანი იქნებოდა, „ბათუმი აილენდის“ პროცესუალურ მხარეებზეც გვესაუბრა. პროექტის დაანონსების შემდეგ, „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ პირველადი კონცეპტუალური პროექტი დაამუშავა და ზღვის ფსკერის გეოლოგიის ექსპერტიზა ჩაატარა, რომლის საფუძველზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების ჩატარებისა და მათ შორის დამცავი კედლის მოწყობის უფლება მოიპოვა.

ამ ეტაპზე, “ამბასადორი ბათუმი აილენდი” საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების პირველ ეტაპს დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს ფრიდონ ქათამაძემ მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტის მშენებლობას თავად “ამბასადორი ბათუმი აილენდი” უზრუნველყოფს, მაგრამ მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები