ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტის ალესანდრა ფრატინის მონაწილეობით, ეკონომიკის სამინისტროში, კერძო სექტორთან ერთად, "ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
სამინისტროს რელიზში წერია, რომ ევროკავშირის ექსპერტის განცხადებით, კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონთან“. კანონპროექტი კერძო სექტორისთვის არ წარუდგენიათ.
Fedex -ის მრჩეველმა, ნათია კუტივაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, რომ ალესანდრა ფრატინის პოზიციას არ იზიარებენ.
"არ ვიზიარებთ, რადგან კანონპროექტი წარმოდგენილი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ფიზიკურად ვნახავთ, მალევე მივაწოდებთ მოსაზრებას", - აღნიშნა მან.
ნათია კუტივაძის განცხადებით, ევროკავშირის ექსპერტმა ბიზნესის წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნო, რომლებიც საქართველომ EU-სთან დასაახლოებლად უნდა მიიღოს.
"ის, რომ განსაკუთრებული სიახლე აღმოვაჩინეთ ამ რეგულაციებში, არა. ინფორმაცია პრაქტიკულად იმავე რეგულაციების შესახებ იყო მოწოდებული, რაც ვიცოდით. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაჟინებით სთხოვდნენ ქალბატონ ალესანდრას, აეხსნა ჩვენთვის, რას ნიშნავს ბაზრის რეგულირება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვუთხარით, რომ ვიცით რა ნიშნავს რეგულირება, ქალბატონი ალესანდრა დაგვეთანხმა, კონკრეტულ თემაზე გვესაუბრა", - აღნიშნა ნათია კუტივაძემ.
როგორც Fedex -ის მრჩეველმა განმარტა, ბიზნესის მთავარი პრობლემა, რომელიც შეხვედრაზე დაასახელა, ე.წ. უნივერსალური მომსახურებაა. მისი თქმით, კერძო სექტორს აინტერესებდა, უნივერსალური მომსახურების კატეგორიის ქვეშ რა ტიპის მომსახურება მოხვდებოდა.
"პირდაპირ ვკითხეთ მას: უნდა მოხვედრილიყო თუ არა უნივერსალური მომსახურების ქვეშ კურიერული და ექსპრეს საფოსტო მომსახურება, ვინაიდან ჩვენ FEDEX-ი მხოლოდ ამ ბაზრის სეგმენტზე ვოპერირებთ. ჩვენი ძირითადი მომსახურება ექსპრეს და საკურიერო მომსახურებას ითვალისწინებს, რაც უნივერსალური მომსახურების ქვეშ არ უნდა მოხვდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ დამატებული ღირებულების საფოსტო მომსახურების ბაზარზე სახელმწიფო მიიღებს ვალდებულებას, რომ სუბსიდირებული ფასებით ამ მომსახურების მიწოდება და ტვირთი სახელმწიფოსთვის დაევალებინა. ქალბატონმა ლესანდრამ დაგვიდასტურა, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს კურიერული და საფოსტო მომსახურება ამ მომსახურების ქვეშ",- აღნიშნა მან.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცდილობს, საქართველოს ფოსტის ზარალი კერძო კომპანიებმა დააკომპენსიროს. მისი თქმით, კერძო სექტორისთვის კონკურენტული და სამართლიანი გარემოა საჭირო.