ფოსტის შესახებ კანონის არსებული პროექტი საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში სპეციალისტებთან და დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციებით მიმდინარეობდა და აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია ევროდირექტივებთან.
"ფოსტის შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. ის სრულ შესაბამისობაშია არსებულ დირექტივასთან, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებებით გვაქვს გაწერილი. შესაბამისად, მოხდა კანონის სრულად დაახლოება ევროპულ დირექტივასთან და კანონის იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს მომავალში მთავრობას წარედგინება კონსულტაციები გავლილი იყო. კონსულტაციები ყველა ეტაპზე, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კერძო სექტორთანაც. ჩვენ ისეთ კანონმდებლობას ვიღებთ, რომელიც ევროდირექტივასთან სრულ შესაბამისობაში იქნება“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ეკონომიკის სამინისტრომ „ფოსტის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია დარგის წარმომადგენლებს ერთი თვის წინ დაუგზავნა და დოკუმენტი ვებგვერდზეც გამოაქვეყნა.
საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმეგვერდიან შენიშვნებს შორის, რომელიც საფოსტო ბიზნესმა ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა.
საფოსტო ბაზრის მოთამაშეებისთვის მიუღებელია საკონტრიბუციო და რეგულირების საფასურის დაკისრებაც. წარმოდგენილი კანონპროექტით, საფოსტო ბიზნესმა რეგულირების საფასური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საკონტრიბუციო გადასახადი კი უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევის ხარჯების დასაფინანსებლად უნდა გადაიხადოს.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების FedEx-ის, DHL-ის და UPS-ის ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლობას კანონის ამ ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მათი თქმით, იმ წესს, რომელსაც ახალი კანონპროექტი გვთავაზობს, საერთაშორისო ევროპული პრაქტიკა არ იცნობს.
აღსანიშნია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა.