ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმება გაფორმდა.
გენადი არველაძის თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარი საკითხები იყო: თუ როგორ უნდა გახდეს ვაჭრობა უფრო ლიბერალური ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, როგორ აღმოიფხვრას როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ვაჭრობას.
„შესაბამისად, საქართველო ამ კუთხით იკავებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს. შუა დერეფანი და ტვირთების მოზიდვა - ეს იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა. ამ მხრივ ჩვენ კონკრეტული შედეგიც გვაქვს - ხელი მოვაწერეთ „შუა დერეფნის“ სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას. წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულება და ენერგოუსაფრთხოება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უფრო და უფრო აქტიური ხდება, მათ შორის ევროპის კონტინენტზე.