სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო შუა დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ასინქრონშია.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას პაატა ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მარშრუტის ქვეყნები თავის მონაკვეთებზე სატრანსპორტო და ყველა სხვა სახის ინფრასტრუქტურას სინქრონულად ავითარებდნენ.
მისი თქმით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და აზერბაიჯანში საწარმოების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება და გადაზიდვების გააქტიურება შეინიშნება. ამ ვითარებაში კი საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ცვლილებების იმ ტალღას, რომელიც ამ ქვეყნებში მიმდინარეობს.
„დღეს უკვე ვხედავთ, მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, ტექტონიკურ ძვრებს შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ეს არის საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს განვითარების ამ ტენდენციებში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან თუნდაც, ყაზახეთში ხუთი მეტალურგიული კომბინატის განვითარებაზე 10 მილიარდი დოლარი იდება, უზბეკეთში ქიმიური ტვირთების განვითარებაზე 10 მილიარდი დოლარი იდება. ბუნებრივია, აქ ისმის კითხვა - 2028-2030 წლებში ამ საწარმოების სიმძლავრეების გამომუშავების პიკში შესვლის შემდეგ, ეს ტვირთნაკადი სად უნდა წამოვიდეს? სადღაც უნდა იპოვოს ამან თავისი გზა და სადაც უფრო მისაღები იქნება, იქ წავა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - რამდენად რეალისტურია ეკონომიკის მინისტრის მიერ გაცხადებული საქართველოს ძირითად სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 2032 წლამდე 7 მლრდ დოლარის ინვესტიციას განხორციელება და რომელ პროექტებზე უნდა მიიმართოს ეს თანხა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კონკრეტულ პროექტებში ფინანსური რესურსების განხორციელების საჭიროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე დააანონსა, 10 წლის წინაც ჟღერდებოდა. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თანხები საბორნე და საკონტეინერო ხაზების რაოდენობის გაზრდაში, სავაგონე პარკის მოწესრიგებაში, ლოგისტიკური ცენტრების მოწყობაში უნდა ჩაიდოს.
„ამიტომ ამ $7 მილიარდიან საინვესტიციო პოტენციალთან გარკვეული კითხვები მაქვს, თუნდაც იმიტომ რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტობანი ექვსჯერ გადავადდა, თუნდაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, უკვე მეხუთე თუ მეექვსე წელია მიმდინარეობს.
ამავე დროს, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2029 წელს 600,000 კონტეინერს გადაამუშავებს ანაკლიის ნავსადგური. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სულ ახლახან დასრულდა პოლონეთში, გდანსკის ნავსადგურში ბალტიკის ჰაბის მშენებლობა, რომელიც სასწაული ტემპით შეასრულეს. როგორ შეიძლება განხორციელდეს ანაკლიის პროექტი, როდესაც უკვე 26 წელი იწყება, და არც კონტრაქტორი კომპანია გვყავს, ზღვაში დაღრმავების სამუშაოები ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს და აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაშია სარკინიგზო და საავტომობილო მისასვლელი და ჩვენ გვპირდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი 2029-ში დასრულდება. ეს პროექტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან კავშირებადობა, ყოვლად წარმოუდგენელია შავ ზღვაზე საქართველოს გააჩნდეს, დღესდღეობით მსოფლიო ბანკის ანალიზით, საქართველო კავშირებადობის ინდექსის მიხედვით 116-ე ადგილზეა. ამიტომ, პირველ რიგში საბორნე და საკონტეინერო ხაზების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ეს ტვირთნაკადი, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავა, პირველ რიგში ამ კავშირებადობით უნდა განხორციელდეს.
ჩემი აზრით, საბორნე და საკონტეინერო ხაზების შემდეგ, დაახლოებით, მილიარდნახევარი სჭირდება საქართველოს, რომ მისი სავაგონო და სალოკომოტივო პარკი მოწესრიგდეს, ეს არის მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია. მეორე - ჩვენ არ გაგვაჩნია ლოგისტიკური ცენტრები, პოლიტიკური ხედვაც არ აქვს სახელმწიფოს, სად უნდა გაკეთდეს, რა ადგილას უნდა გაკეთდეს, რა სიმძლავრეების. ამ მხრივ რა თქმა უნდა კვლევაა საჭირო. ერთ შედარებას გავაკეთებ, რომ აი ყაზახეთის პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთ საზღვარზე განლაგებული არსებული ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაჩქარდეს, რათა მეზობელ ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 30%-ით გაიზარდოს. ანუ პრემიერის ძირითადი ხედვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა მიმართული. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიაში გვაქვს დაფიქსირებული რომ მნიშვნელოვანია და ამ ფაზად ვერ გავცილდით. ამიტომ შემიძლია ვთქვათ, რომ შუა დერეფნის განვითარების საკითხში სხვადასხვა სივრცეებში ვსაუბრობთ, იქ [შუა დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებში] ამას ახორციელებენ უკვე“, - განმარტა TCRC-ის ხელმძღვანელმა.
ჩაკითხვაზე - ასინქრონშია თუ არა საქართველო „შუა დერეფნის“ სხვა მონაწილე ქვეყნებთან, ცაგარეოშვილი პასუხობს: „ასინქრონში რომ ვართ ერთია, მაგრამ ასინქრონი უფრო მძაფრად დაახლოებით 2028 წლისთვის აისახება, როდესაც ეს ქვეყნები ამ პროექტებს დაასრულებენ და თავისი ტვირთნაკადების ინტენსიფიკაციას დაიწყებენ. ნურავის ეგონება, რომ აუცილებლად ტვირთნაკადი აქეთ წამოვა“.




























