მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი ყველა სხვა დროს წარმოდგენილ დოკუმენტზე უარესია - UPS

იუპიესი

კანონპროექტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს კვლავ განახლებული სახით წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გვერდიან შენიშვნებს შორის, რომელიც საფოსტო ბიზნესმა ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა.

კერძო სექტორის შეფასებით, ევროკომისიასთან შეთანხმებული რეფორმის ძირითადი პრინციპების შესაბამისად „ფოსტის შესახებ“ ახალი კანონი უნდა არეგულირებდეს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას და არა მთლიანად საფოსტო ბაზარს, როგორც ეს წარმოდგენილ კანონპროექტშია.

საფოსტო ბაზრის მოთამაშეებისთვის მიუღებელია საკონტრიბუციო და რეგულირების საფასურის დაკისრებაც. წარმოდგენილი კანონპროექტით, საფოსტო ბიზნესმა რეგულირების საფასური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საკონტრიბუციო გადასახადი კი უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევის ხარჯების დასაფინანსებლად უნდა გადაიხადოს.

დღეს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას საქართველოს ფოსტა ახორციელებს. კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, კონტრიბუციის გადამხდელები პოტენციურად შეიძლება გახდეს ყველა საფოსტო ოპერატორი, იქნება ეს კურიერული, ექსპრეს საფოსტო ოპერატორები თუ სხვა. UPS-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემოთავაზებულ წესს საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს.

„ჩვენ წარმოგვიდგინეს კანონპროექტი, რომელიც ყველა სხვა დროს წარმოდგენილ კანონპროექტზე უარესია. მთავარი შენიშვნა რაც გვაქვს არის ის, რომ ბაზრის რე-რეგულირება ხდება. მოკლედ რომ ავხსნათ არის ორი მომსახურება, ეს რაის უნივერსალური საფოსტო მომსახურება და მეორე საკურიერო საფოსტო მომსახურება, რომელიც უკვე ლიბერალიზებულია მრავალი წლების განმავლობაში და არ არსებობს შემთხვევა, რის გამოც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ესაჭიროებოდეს და რერეგულირება.

წლების განმავლობაში მიმდინარეობს მცდელობა დარეგულირდეს უნივერსალური საფოსტო მომსახურება და ასევე საკურიერო-საფოსტო მომსახურებაც, რომელიც არცერთი კრიტერიუმით არ საჭიროებს დამატებით სახელმწიფოს ჩარევას და რეგულირებას.

ამ ყველაფერთან ერთად შემოდის ორი ტიპის დამატებითი გადასახადი, რომელსაც ჩვენ, საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესი თუ ამ ფორმით გავიდა კანონპროექტი, გულისხმობს რომ ორი ტიპის ხარჯი გვექნება, ეს არის საკონტრიბუციო შენატანი/გადასახადი და რეგულირების საფასური, რომელიც უნდა გადავუხადოთ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც არ ვიცით, რა ფუნქციებით საჭიროებს ჩვენი ბიზნესის დარეგულირებას.

ბრუნვის გარკვეული პროცენტის გადახდა მოგვიწევს. წარმოდგენილი იყო ერთი ვერსია 0,75% ბრუნვიდან. ამას კიდევ ემატება საკონტრიბუციო შენატანი და საკმაოდ მაღალ პროცენტზე ავდივართ“,-აცხადებს საქართველოში UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.

რაზედაც კერძო სექტორი საუბრობს, მის საპირისპიროს ამტკიცებს კანონპროექტის ავტორი უწყება. ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ წერილობით განცხადებაში განმარტებულია, რომ კანონპროექტის შემუშავების დროს ევროპული პრაქტიკით იხელმძღვანელეს და დოკუმენტის შემუშავებაში ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

„კანონპროექტი „ფოსტის შესახებ“ ითვალისწინებს აღნიშნული დარგის რეგულირებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა. დოკუმენტი 7 თებერვლიდან გამოქვეყნებულია და სფეროს წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, აქვთ საშუალება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები კანონთან (მუხლებთან, პუნქტებთან) მიმართებაში. კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მხოლოდ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შემოსული წინადადებების განხილვის შედეგად ფორმირდება“,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები