მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზი უზბეკურ მხარესთან მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს - რით დაინტერესდნენ უზბეკები?

63314d577e32e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.09.22 19:35
1665
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო და ლოგისტიკური კომპანიები ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დაინტერესდნენ. ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელობამ 15 სექტემბერს უზბეკეთის სამთავრობო და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა და ინდუსტრიული ზონის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე ისაუბრეს. უზბეკეთის მხარეს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ასევე სხვადასხვა ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ.

შეხვედრის დეტალებისა და მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კითხვებით BM.GE-მ ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელობას მიმართა.

ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი დავით ებრალიძე თიზ-ით უზბეკების დაინტერესების ფაქტს, მსოფლიოში არსებული პანდემიისა და პოლიტიკური ვითარების გამო კომპანიების მხრიდან ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების ძიებით ხსნის. ის ამბობს, რომ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ინდუსტრიული ზონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაციის დროს თავად, ასევე ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სახეიშვილმა და მთავარმა ინჟინერმა ზურაბ სავანელმა უზბეკეთის დელეგაციას „ფოთის თიზ“-ის საინვესტიციო შესაძლებლობები და უპირატესობები გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

„ბოლო პერიოდში საქართველოთი დაინტერესება, როგორც საწარმოო, ასევე სავაჭრო კომპანიების მხრიდან განსაკუთრებულად გაიზარდა. „ფოთის თიზი“ ისტორიული აბრეშუმის გზის შუაგულში მდებარეობს. იგი ევროპასა და აზიას უმოკლესი გზებით, ხოლო ინვესტორებს დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მზარდ ბაზართან აკავშირებს. შავი ზღვის ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო პორტთან-ფოთის საზღვაო ნავსადგურთან სიახლოვე, პირდაპირი გასასვლელი საერთაშორისო მაგისტრალებსა და სარკინიგზო ხაზებზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა, გადასახადებისგან თავისუფალი გარემო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, თუ რატომ ირჩევენ ინვესტორები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თავიანთი ბიზნესის დაფუძნებისა და გაფართოებისთვის. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის წამყვანი თავისუფალი ზონა კავკასიის რეგიონში, უძველესი და უდიდესი თავისუფალი ზონა საქართველოში ბიზნესის მოცულობის თვალსაზრისით. სწორედ ამ უპირატესობების გამო დაინტერესდა უზბეკეთის დელეგაცია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში ვიზიტით.

პრეზენტაციის დროს, დელეგაციას როგორც უზბეკური წარმოების, ასევე საქონლის დასაწყობების და ფოთის თიზ-ის გავლით საქონლის დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გატანის შესაძლებლობები წარვუდგინეთ“, - ამბობს დავით ებრალიძე.

კითხვაზე - რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა და როდისთვის შეიძლება უზბეკური ინვესტიცია თიზ-ში ახალ პროექტებში ჩაიდოს, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფოთის თიზ-სა და უზბეკურ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რომლის დეტალებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები