მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Frasers-მა $2.3 მილიარდად Hugo Boss-ის შესყიდვა გადაწყვიტა

boss

ბრიტანულმა Frasers Group-მა გერმანული მოდის სახლის, Hugo Boss-ის სრული კონტროლის მოსაპოვებლად $2.3 მილიარდის მოცულობის ოფიციალური წინადადება წარადგინა. კომპანია, რომელიც ამ დროისთვის Hugo Boss-ის აქციების დაახლოებით 26%-იან წილს ფლობს და მის უმსხვილეს აქციონერად მიიჩნევა, დარჩენილი აქციების გამოსყიდვას თითო ერთეულზე 38 ევროს ნაღდი ანგარიშსწორებით სთავაზობს.

როგორც ირკვევა, დასახელებული ფასი Hugo Boss-ის აქციების ბოლო დახურვის ღირებულებასთან შედარებით დაახლოებით 4%-იან პრემიუმს წარმოადგენს. გერმანულ მოდის სახლში განმარტავენ, რომ Frasers Group-ის ეს ნაბიჯი მათთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა მენეჯმენტი წარდგენილ წინადადებას დეტალურად შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერ მაიკ ეშლის მიერ დაარსებული ბრიტანული კომპანია ბოლო პერიოდში აქტიური შესყიდვებით გამოირჩევა. Frasers Group-ის პორტფელი ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც არის Sports Direct-ი და House of Fraser-ი, ამასთან, ჯგუფი ფლობს წილებს კომპანიებში Asos-ი, Debenhams-ი და Currys-ი.

მაღალი კლასის კოსტიუმებისა და პარფიუმერიის მწარმოებელ გერმანულ ბრენდზე კონტროლის მოპოვება Frasers Group-ს პრემიუმ კლასის მამაკაცის ტანსაცმლის ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად გაუმყარებს. საინვესტიციო კომპანია Citi-ს ანალიტიკოსების განცხადებით, შეთავაზებული მინიმალური პრემიუმი დამატებითი აქციების კონსოლიდაციას გარკვეულწილად შეზღუდავს, თუმცა ბაზარზე გააჩენს მოლოდინს, რომ სამომავლოდ Frasers Group-მა შესაძლოა ფასი კიდევ გაზარდოს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბრიტანულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს Hugo Boss-ის მდგრადი ზრდის სტრატეგიას, ისევე როგორც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დანიელ გრიდერსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, შტეფან შტურმს. არსებული ინფორმაციით, გარიგების დასრულება, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან შესაბამისი ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული, 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები