მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენჩაიზი, ციფრული არხები და საერთაშორისო ექსპანსია - როგორ ვითარდება “ბიბლუსი”?

ბიბლუსი

სამყაროს მუდმივ გაციფრულების პარალელურად იცვლება ადამიანის ცხოვრების რიტმი და გემოვნება, რაც სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობაზე აისახება. საქართველოს სასკოლო-საკანცელარიო მაღაზიების ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის, “ბიბლუსის” შემთხვევაში, ტექნოლოგიური განვითარება ორი მიმართულებით შეინიშნება, ესენია - თავად მაღაზიის გაციფრულება, ანუ ონლაინმაღაზიის შექმნა და იქ არსებული ფიზიკური წიგნების გაციფრულება.

როგორც “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ონლაინმაღაზიას ყველაზე მეტი მომხმარებელი პანდემიის დროს ჰყავდა და მას შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ საკუთარი ნიშის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

“გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დროს, გარკვეული პერიოდი, ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა, ციფრული არხების გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა. მოგვიანებით, ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ, როგორც ვატყობ, ონლაინმაღაზიას ძირითადად დაკავებული ადამიანები იყენებენ.

ვცდილობთ, მაღაზიებში მოსულ კლიენტებს განსაკუთრებული სამომხმარებლო გამოცდილება დავახვედროთ, რომ პროდუქცია აარჩიონ, დრო გაატარონ და ყავა დალიონ. ამ მხრივ, ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი - ამ სფეროებში რომ შევედით, გვინდოდა, საზოგადოებისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, სასიამოვნო გარემო შეგვექმნა”, - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.

თუმცა ონლაინმაღაზიის გარდა, “ბიბლუსი” აქტიურად ავითარებს ფიზიკური მაღაზიების ბიზნესსაც, რისთვისაც, ფრენჩაიზების გაცემა დაიწყო, რომელთა საფუძველზე “ბიბლუსის” ბრენდის მაღაზიების გახსნა სხვა ადამიანებს შეუძლიათ. ირაკლი გაგნიძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში “ბიბლუსის” ექვსი ფრენჩაიზული მაღაზია ფუნქციონირებს.

“როგორც იცით, წელიწადზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფრენჩაიზების გაცემა დავიწყეთ. ამ დროისთვის, ფრენჩაიზით უკვე ექვსი ფილიალი ფუნქციონირებს და კიდევ რამდენიმე მზადდება. ჩვენთვის, ეს სტრატეგიული განვითარების ხედვის ნაწილია, რადგან ასე გაიზრდება, როგორც წიგნებზე ხელმისაწვდომობა, ასევე დასაქმებულების რაოდენობა, მათ შორის რეგიონებში. მოთხოვნა, ამ დროისთვის, დიდია, მაგრამ ვცდილობთ ისეთი ფილტრი გამოვიყენოთ, რომ ავირიდოთ რისკი, როგორც ფრენჩაიზის, ასევე ჩვენი პარტნიორების მიმართ, რადგან გვინდა, წარმატებული პარტნიორები გვყავდეს.

თუ ფრენჩაიზული მაღაზიების რაოდენობასაც ჩავთვლით, საქართველოში “ბიბლუსის” 91 ფილიალი ფუნქციონირებს, მაგრამ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნის პროცესშიც ვართ. თავად “ბიბლუსში” 600-მდე ადამიანი არის დასაქმებული, მაგრამ ჩვენს რამდენიმე კომპანიაში, ჯამში, 1,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. ბოლო წლებში, ეს რაოდენობა აქტიურად იზრდება, რადგან სხვადასხვა სფეროებში დავიწყეთ განვითარება.

საზღვარგარეთ ორი ფილიალი გვაქვს. წელიწად-ნახევრის წინ პირველი ფილიალი სლოვენიაში გავხსენით, სადაც ონლაინმაღაზიაც გავუშვით. ახლა კი, ხორვატიაზე ზრუნვას ვიწყებთ”, - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.

BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ელექტრონული და ფიზიკური წიგნების კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლის არჩევანი, ამ შემთხვევაში, ლიტერატურის ტიპზე არის დამოკიდებული.

“ციფრული, ანუ ელექტრონული წიგნების მიმართულებით, დიდწილად, უფრო თემატური და საქმიანი ლიტერატურა დომინირებს, მაგრამ მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა განსხვავებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ბაზარი, ამ დროისთვის, აქტიურად ვითარდება და ვცდილობთ, მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ”, - აღნიშნა ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები