მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ოქტომბერში ამოქმედებული რეგლამენტი შეჩერდა

60053fd733889
ინგა მურუსიძე
18.01.21 12:15
1058
ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით შეჩერდა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის 1 აპრილამდეა შეჩერებული.

საქმე იმაშია, რომ ტექნიკური რეგლამენტის − „ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია 2020 წლის აპრილში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ძალაში 20 ოქტომბერს შევიდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მაშინ განმარტავდა, რომ რეგლამენტის ამოქმედების გადადება პანდემიას უკავშირდებოდა და იმისთვის გაკეთდა, რომ ბაზარზე ხორცის დეფიციტი არ შექმნილიყო.

Bm.ge ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა ამჯერად ტექნიკური რეგლამენტის შეჩერების მიზეზი. შესაბამისი უწყების განმარტებებს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები