კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ BBC ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მას აშშ-სა და ბაჰამის კუნძულებზე "ფინანსურ დარღვევებში" ადანაშაულებენ. დაკავებული ბენკმენ-ფრიდი დღეს ბაჰამის კუნძულების მაგისტრატ სასამართლოს წინაშე წარდგება.
“სემ ბენკმენ-ფრიდი პატიმრობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ექსტრადიციის კანონის შესაბამისად", - განაცხადა ბაჰამის კუნძულების გენერალურმა პროკურორმა.
მანამდე კი აშშ-ის პროკურატურამ "ტვიტერზე" დაწერა:
„ამ საღამოს ბაჰამის ხელისუფლებამ, აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოს მიერ წარდგენილ დალუქულ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით, სამუელ ბენკმენ-ფრიდი დააკავა".
უოლ სტრიტის მარეგულირებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინიც მიიღებდნენ ზომებს FTX-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ.
"ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ დამოუკიდებლად წარადგინა ბრალდებები ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ ფასიანი ქაღალდების რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ ხვალ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში წარედგინება", - განაცხადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა გურბირ გრევალმა.
ჯერჯერობით სემ ბენკმენ-ფრიდის ადვოკატი BBC-სთან კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში FTX-მა კოლაფსი განიცადა და გადახდისუუნარო გახდა, ხოლო მოგვიანებით, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამ დრომდე უცნობია, გაკოტრების პროცესების დასრულების შემდეგ, დაიბრუნებენ თუ არა, ან რა ოდენობით დაიბრუნებენ დაზარალებული მომხმარებლები თანხებს, რომელიც კრიპტობირჟაზე განათავსეს.