მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფუდ გალერის" საკვები, რომელშიც სტაფილოკოკი გამოვლინდა - კომპანია დაზარალებულებს ბოდიშს უხდის

ფუდ გალერი

"ფუდ გალერის" უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაბალანსებული კვების მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანია „ფუდ გალერის“, რომელიც ქუთაისში ოპერირებს საწარმოო პროცესი 22 მაისს შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. კომპანიაში აცხადებენ, რომ 21 მაისს მათთან მომხმარებლების ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა და კომპანია სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი საწარმო შეამოწმა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

სეს-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო.

"დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში;

გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

„ფუდ გალერიში“ მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან და მომხმარებელს აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს უხდიან.

"ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა სტაფილოკოკური ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გარკვეული მომხმარებლების ინტოქსიკაცია.

„ფუდ გალერი“ გულწრფელად უხდის ბოდიშს ყველა დაზარალებულ მომხმარებელს იმ დისკომფორტისა და ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, რაც აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია.კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.

მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის ამ რთულ პერიოდში.

ჩვენი საწარმო მუშაობას 2 ივნისიდან განაახლებს და შეკვეთების მიღებაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სეს-ში განმარტავენ, რომ S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება). მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს:სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები