მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფუფუნების ბრენდების მფლობელი LVMH-ის, Kering-ისა და Burberry-ის დანაკარგები 10%-ს უახლოვდება

ფუფუნება

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მიმდინარე კვირას ფუფუნების საგნების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა.

კონგლომერატ LVMH-ის, Gucci-ს მფლობელი Kering-ისა და ბრიტანული ტანსაცმლის მწარმოებელი Burberry-ს აქციებმა ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს - კვირის დასაწყისიდან თითოეულის დანაკარგი 3%-დან 10%-მდეა. ევროპული "ლურჯი ჩიპის", ანუ უმაღლესი კლასის აქციების ფართო ინდექსი, Stoxx 600, სამშაბათს თითქმის 3%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს 1.6%-ით დაეცა.

ამ სექტორის ზრდის მამოძრავებელი ძალა ახლო აღმოსავლეთი იყო, რომელიც რთულ მაკროეკონომიკურ ფონს ებრძვის, ხოლო ბევრი ადრეული ბესტსელერი ბრენდი მომხმარებელთა გულის მოგებას ვეღარ ახერხებს.

თუმცა, რეგიონის სიძლიერე საკმარისი არ აღმოჩნდა სხვაგან, განსაკუთრებით კი ჩინეთში არსებული სისუსტის დასაბალანსებლად. ინდუსტრიის გიგანტები, როგორებიცაა LVMH და Kering, კვლავ იბრძვიან გაყიდვების დადებით დინამიკაზე დასაბრუნებლად.

"ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ნათელ წერტილთაგანი იყო. ერთი ზონა, რომელიც მცირე იყო, მაგრამ ძალიან, ძალიან ცოცხალი და ახლა ისიც ზარალდება", - განუცხადა CNBC-ს Morningstar-ის ანალიტიკოსმა იელენა სოკოლოვამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომი ირანში, შესაძლოა, ოთხიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდეს, თუმცა ასევე შესაძლებელია, "გაცილებით დიდხანსაც" გასტანოს.

ორშაბათსა და სამშაბათს მკვეთრად დაეცა Cartier-ის, Van Cleef-ისა და Chloé-ს მფლობელი Richemont-ის აქციებიც, რომელსაც რეგიონთან მჭიდრო კავშირი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნების ბრენდების შემოსავლებში ახლო აღმოსავლეთის წილი საშუალოდ ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს, კონფლიქტის კვირებით ან თვეებით გახანგრძლივების შემთხვევაში, შედეგები შესაძლოა უფრო თვალსაჩინო გახდეს.

"თუ ხალხი ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება და სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით მეტი პრობლემა შეგვექმნება, მაშინ გლობალური რეცესიის ალბათობა გაიზრდება, რაც აუცილებლად შეაფერხებს ისეთ არასასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორებს, როგორიც ფუფუნების საგნებია", - განუცხადა CNBC-ს Bernstein-ის ანალიტიკოსმა ლუკა სოლკამ.

ანალიტიკოსების თქმით, გაზრდილი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის დროს ფუფუნების საგნების აქციები წნეხის ქვეშ ექცევა, რადგან მოთხოვნას ჩვეულებრივ "კარგად ყოფნის" განცდა და მომხმარებლის მაღალი ნდობა სჭირდება.

აქტივების ფასებზე საბოლოო გავლენა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მიმდინარე ძვრები მიუთითებს, რომ დარტყმა, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები