2020 წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში $1.33 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტია.
BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ ისინი ამ მიმართულებით საქართველოში ზრდას არ მოელოდნენ. მერსედეს ვერა მარტინი საუბრობს ტურისტულ სექტოზე და იმ დანაკლისზე, რაც საქართველოს ამ სფეროს გაჩერებით შეექმნა.
“მოგზაურობა პრაქტიკულად შეჩერებულია, ტურიზმი ერთ ადგილზე დგას. საქართველო კი ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის ქვეყანაა. საქართველოს ამ მიმართულებით შთამბეჭდავი ზრდა ჰქონდა, მაგრამ სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნით და საერთაშორისო ფრენების გაჩერებით, ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა ექნებოდა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს გავლენა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე უფრო ძლიერი გვეგონა, ვიდრე საბოლოო ჯამში აღმოჩნდა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ იმპორტი შემცირდა, გადმორიცხვები მაინც მზარდი დარჩა, რამაც გაგვაკვირვა - ამას ნამდვილად არ მოველოდით,”- განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა - 192 მილიონი დოლარი სექტემბერში დაფიქსირდა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.6%-ით მეტია.
ყველაზე მეტად გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან არის გაზრდილი. ასევე ზრდის ტენდენცია აქვს გზავნილებს აშშ-დან.




























