მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი სახსრების სწორი მართვა - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

627291c42ec0a
ლუკა მიმინოშვილი
05.05.22 09:45
4092
როგორც წინა ბლოგში ვახსენეთ, ფულთან დაკავშირებული ქცევა საკმაოდ მნიშვნელოვანია და თან თანაბრად მნიშვნელოვანი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ასევე გავეცანით რამდენიმე ფინანსურ კოეფიციენტს, თუმცა დღეს უფრო მეტად შევეხებით ყოველდღიურობას.

ვალდებულებათა მოცულობა და როლი ქართულ ეკონომიკაში

როგორც საფინანსო ორგანიზაციების გასაჯაროებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2022 წლის პირველი აპრილისთვის ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა 43.3 მილიარდ ლარამდეა.

იურიდიულ პირებზე ლარში გაცემული სესხების მოცულობა 6.66 მლრდ ლარია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 13.93 მლრდ ლარს შეადგენს. შინამეურნეობების და ფიზიკური პირების  დაკრედიტებამ კი 22.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. რიცხვები შთამბეჭდავია.

ამ რიცხვების უკან კი, რეალური ადამიანები არიან - ისინი ვინც ითხოვენ თანხას და ისინი ვინც ამუშავებენ საკრედიტო განაცხადს, ისინი ვინც ამტკიცებენ ან აუარებენ კონკრეტულ მოთხოვნას სესხთან დაკავშირებით და ისინი, ვისთანაც მიდის დაკრედიტებული პირის მიერ გახარჯული თანხა.

საფინანსო სექტორი უდიდეს როლს თამაშობს ადამიანთა ყოველდღიურობაში, მათი დახმარებით ვახერხებთ სამომხმარებლო საჭიროებების თუ გრძელვადიანი სურვილების მიღწევას, ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას თუ პროცესში მის დახვეწას.
საფინანსო სექტორი ეკონომიკის ყველაზე დიდი მოთამაშე და მასზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე მიმართულებაა, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ბანკების მიმართ შეფასებას ვცვლით, ნაცვლად მათი სარგებლისა ვხედავთ მათ „ნეგატიურ“ გავლენას პირად ბიუჯეტზე.

ცხადია, ყველაფერს ვერ დათვლი და დაგეგმავ, თუმცა ფულთან ურთიერთობა ის საკითხია, სადაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

ვალდებულების აღებამდე კი შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა ნამდვილად დაგვეხმარება, რომ შევამოწმოთ გადაწყვეტილების სისწორე:

• რისთვის ვიღებთ ვალდებულებას ?
• რას შეცვლის აღნიშნული შენაძენი ჩვენს ცხოვრებაში ?
• რამდენი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ვალდებულების მომსახურება ?
• შეძენილი ნივთი თუ მომსახურება მოახდენს თუ არა გავლენას ჩვენი შემოსავლის ზრდაზე ?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება არამხოლოდ მასში გადახდილი თანხა, არამედ ამ თანხასთან დაკავშირებული ყველა ხარჯია.

თუ ამ კითხვებზე პასუხებმა სახარბიელო და დამაიმედებელი არაფერი გითხრათ მაშინ ფიქრი შემდეგი მიმართულებით განვაგრძოთ, ამ მიმართულებას კი ვალის მართვა ჰქვია.

სასესხო ვალდებულებები და კრედიტზე ხელმისაწვდომობა არაპროგნოზირებად რეალობაში მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირთათვის.

სწრაფად ცვალებად სამყაროში კი ხელსაყრელი პირობებით საკრედიტო პროდუქტის გამოყენება ან/და არსებული ვალდებულების პირობის ცვლილება შეიძლება შეუძლებელი მოცემულობა იყოს, მათ შორის კარგი რეპუტაციის მქონე მსესხებლებისთვისაც. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ისე მოახერხოთ ფინანსების გადანაწილება, რომ შექმნათ მყარი ეკონომიკური საყრდენი.

მყარი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად უნდა განსაზღვროთ დაფინანსების წყაროები და არსებული საჭიროებები, რომელი საჭიროების დაფინანსებას მოახერხებთ საკუთარი რესურსით და რომელს საბანკო ვალდებულებით, ეს დაგეხმარებათ მიზნების განსაზღვრასა და დროში გაწერაში.

სავალო საბანკო პროდუქტები

ფიზიკურ პირთა ნაწილში გამოირჩევა ორი ძირითადი საბანკო პროდუქტი: სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი. აღნიშნულის გარდა არსებობს სხვა მიზნობრივი სესხებიც, თუმცა მათი წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში საკმაოდ მცირეა.

მათ შორის განსხვავება ვალდებულების მიზნობრიობაშია.

სამომხმარებლო სესხი - სამომხმარებლო სესხის გამოყენების წესი გვაჩვენებს, რომ აღნიშნული პროდუქტით ძირითადად ზოგადი საჭიროებების დაფინანსება ხდება. ამასთან, პროდუქტით სარგებლობისას კრედიტორმა შესაძლოა არც გკითხოთ, კონკრეტულად რა მიზნობრიობით დახარჯავთ ფულს. მაშინ როცა მიზნობრივი სესხების შემთხვევაში, აღნიშნული მკაცრად კონტროლდება. სესხი შესაძლოა გაიცეს უზრუნველყოფის გარეშე ან მოთხოვნილი იყოს უზრუნველყოფა.
უზრუნველყოფის სახეობიდან გამომდინარე განისაზღვრება სესხის მაქსიმალური ვადები. არაუზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ვადა - 48 თვე.

უზრუნველყოფილის სესხის მაქსიმალური ვადა - 120 თვე.

იპოთეკური სესხი - იპოთეკური სესხის მიზნობრიობა უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული და მის შეძენას ან/და რემონტს გულისხმობს. აღნიშნული პროდუქტის სარგებლობისათვის მოითხოვება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით გარდა მიზნობრიობის წესისა, განსხვავებულია ვადებიც. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადაა 15 წელი, თუ ვალუტაში იღებთ, კიდევ უფრო ნაკლები -10 წელი.

ბიზნესსესხების მიმართულებით სესხის ტიპი დამოკიდებულია საქმიანობის სფეროსა და მიზნობრიობაზე. გამოირჩევა ორი ტიპის საკრედიტო პროდუქტი: საინვესტიციო (გრძელვადიანი) სესხი და სესხი საბრუნავი საშუალებებისათვის.
ფიზიკურ პირთა მსგავსად განსხვავება აქაც ვალდებულებათა ვადებსა და შინაარსშია.

საინვესტიციო (გრძელვადიანი) სესხი - მიზნობრიობა ძირითადი საშუალებების შეძენა ან/და განახლებაა. კაპიტალურ ნაწილში არსებული დანახარჯები როგორც წესი დიდ თანხებს მოითხოვს, შესაბამისად, მის შესაძენად სესხი კარგი საშუალებაა. ფიზიკურ პირთაგან განსხვავებით ბიზნესების შემთხვევაში, გარდა მსესხებლისა ასევე გამსესხებელიც (ბანკიც) ინტერესდება პოტენციური შედეგით, თუ რა შედეგს მოიტანს აღნიშნული ინვესტირება, რა ვადაში აისახება ეს შედეგი ბიზნესზე და რამდენად განგრძობითი იქნება ის, სწორედ ამ მიზანშეწონილობის კვლევის შემდეგ იღებს ბანკი დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას.

სესხი საბრუნავი საშუალებებისათვის - მიზნობრიობა საბრუნავი საშუალებების შეძენაა, ეს ეხმარება ბიზნესს მარაგების შევსებაში, ასორტიმენტისა და ბრუნვის მოცულობის ზრდაში და საჭიროების შემთხვევაში აგვარებს მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემას. აღნიშნული სესხის ვადა შედარებით მოკლევადიანია და მაქსიმალურ ვადად 36 თვე განისაზღვრება.
ბიზნესის ანალიზის საჭიროება

ბიზნესის ქონის შემთხვევაში გარდა პროდუქტთა სახეობის ცოდნისა, უნდა განსაზღვროთ ბიზნესის განვითარების სტრატეგია, დაფინანსების საჭიროებები და უზრუნველვყოთ ლიკვიდურობის საკითხი, რათა არ მოახდინოთ არსებული საჭიროებების სრულად ვალდებულებით ფინანსირება.

ფინანსური კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია განსაზღვრული გქონდეთ შემდეგი რამდენიმე საკითხი:

1. საჭიროების შემთხვევაში რამდენი შეიძლება იყოს პოტენციურად მისაღები სესხის ლიმიტი ?
2. შესაძლოა თუ არა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოიშვას რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯი და რით აპირებთ მასთან გამკლავებას ?
3. დამფინანსებელი პარტნიორების შემთხვევაში, რა ვალდებულება გაქვთ მათთან ?
4. რა არის თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის მისაღები რისკის დონე ?

კაპიტალის სწორი სტრუქტურირება და დაფინანსების გზების დივერსიფიცირება შესაძლებლობას მოგცემთ მიაღწიოთ მოკლე და გრძელვადიან მიზნებს, ეს კი დაგეხმარებათ ბიზნესის ღირებულების ზრდაში.

მიუხედავად დივერსიფიკაციისა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კრიზისის პერიოდი, ამ დროს სწრაფი რეაგირება უმნიშვნელოვანესია თქვენი ან/და თქვენი ბიზნესის ფინანსური ჯანმრთელობისათვის.

კრიზისის დროს მნიშვნელოვანი საკითხია მოთხოვნა/მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული ცვლილებები, ეს შეიძლება ლიკვიდობის ნაწილში ტვირთად იქცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე ვალდებულებებმა გადააჭარბოს მიმდინარე აქტივებს დროის გარკვეულ პერიოდში.

შესაძლოა, გაჩნდეს ფულადი სახსრებისა თუ ექვივალენტების ამოწურვის რისკი და კომპანიები აღმოჩდნენ გადახდისუნარიანობის პრობლემის წინაშე.

მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ გაიაზროთ თქვენი მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებებისათვის საჭირო მოთხოვნები, დაფინანსების სტრატეგიები, ბაზრები და კაპიტალის სხვა წყაროები.

რთულ ფინანსურ სიტუაციაში ყოფნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ გარემოებებს:
ასეთი შემთხვევისას, შესაძლოა, დიდწილად დამოკიდებული იყოთ ბანკებსა და კრედიტორებზე, ამიტომ მათთან საკომუნიკაციო ენა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.

• მათთან ურთიერთობაში და მათ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მოკლევადიანი პროგნოზები გამოიყენეთ, რადგან დრო რისკის ნაწილში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
• საჭიროების შემთხვევაში თუ თქვენი პროგნოზი დაფინანსების ნაკლებობას აჩვენებს, მაშინ ნუ გადადებთ დამფინანსებლებთან და კრედიტორებთან საუბარს.
• საუბარს შეუძლია შედეგის მოტანა, შესაძლოა, გადავადდეს თქვენი ვალდებულებები, ამისათვის კი მეორე მხარისათვის სანდო და საიმედო მიზნების გაზიარება დაგჭირდებათ.

აღნიშნულ პროცესში კი სწორი პარტნიორის შერჩევის გარდა, მნიშვნელოვანია აარჩიოთ სწორი პროდუქტი და მომსახურების სახე.

შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობაც; არსებული კონტრაქტების საფუძველზე ეს დაგეხმარებათ ფინანსური რისკების შემცირებაში ან/და რედაქტირებაში.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ დაფინანსების გზები, საბანკო სესხზე უარის თქმის შემთხვევაში რა რესურსით შეუძლია კომპანიას ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფა. ცხადია, აქ მნიშვნელოვანია თუ რა არის ბანკის უარის მიზეზი.

• იმ შემთხვევაში თუ თქვენი კომპანია ვერ ახერხებს საბანკო მოთხოვნების უზრუნველყოფით (გირაოთი) დაკმაყოფილებას, თუმცა სხვა ყველა ფინანსური მაჩვენებელი წესრიგშია, მაშინ შეგიძლიათ ფასიანი ქაღალდების ბაზარსა და კონკრეტულად სავალო ფასიანი ქაღალდების დალისტვაზე იფიქროთ. (დამოკიდებულია კომპანიის სიდიდესა და ფინანსურ მაჩვენებლებზე);
• იმ შემთხვევაში თუ გარდა გირაოს პრობლემისა, დგას ფინანსური მაჩვენებლების პრობლემაც და სავალო ლიმიტის ზედა ზღვართან ხართ, მაშინ კომპანიაში ფულის გაჩენის წყაროდ შესაძლოა თქვენი წილი აქციოთ. პარტნიორის შემოყვანით კი მოახერხოთ კომპანიის ფინანსური გაჯანსაღება.
• თუ კომპანიის მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ არსებულ სიტუაციაში პარტნიორის მოძიებაც ვერ ხერხდება;

შესაძლოა, გრძელვადიანი აქტივების გადახედვა, სასიცოცხლოდ და საოპერაციო საქმიანობისათვის არასაჭირო ან ნაკლები საჭიროების მქონეთა რეალიზაცია და კომპანიის ფეხზე წამოდგომა კარგი ნაბიჯი იყოს. (ეს წილის რეალიზებამდეც შეგიძლიათ გააკეთოთ, დამოკიდებულია ბიზნესში თქვენს პრიორიტეტებზე); თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ აქ დროს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ის შემთხვევები, რაც კომპანიებს აქვთ გამოსავლისათვის, შესაძლოა, არ ჰქონდეთ ფიზიკურ პირებს. აქ ვალდებულების აღებამდე მეტი ფიქრია საჭირო, რადგან გარდა იმისა, რომ პირად ვალდებულებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რაიმე დარღვევის შემთხვევაში, საბანკო სანქცია პირადად ჩვენ, როგორც მსესხებლებს გვეხება.

ვალი და მისი მართვა უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოს მსგავსი ქვეყნის მოქალაქისა და ბიზნესისათვის, რადგან დაბალი შემოსავლისა და მაღალი ვოლატილობის პირობებში დანაზოგის არარსებობა აჩენს ახალი საქმის დაწყების პრობლემას. საქმიანობის დაწყების რესურსად საბანკო სესხი გვევლინება. საქართველოში მცხოვრებ ოჯახთა უმრავლესობას სესხი ეხმარება მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებაშიც, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების დასახვა და მიზნებზე გეგმაზომიერად მიყოლა. აჩქარება ფინანსურ თუ ეკონომიკურ საკითხებს არ უყვარს, თუმცა არც ფიქრში უნდა ჩამოგვეძინოს.

არასწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში კი, დამნაშავე არა ფინანსური ინსტიტუტები, არამედ ჩვენ ვართ; კომპანიების მსგავსად ადამიანებმა ისე უნდა მოვახერხოთ, რომ საკუთარი ცხოვრების საკონტროლო პაკეტი თავად გვქონდეს, რადგან ისევე როგორც ფინანსების ასევე ცხოვრების „საკონტროლო პაკეტის გასხვისებამ“ შეიძლება ჩვენი აღქმით, ვიღაცის ან რაღაცის „მონად“ გვაქციოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები