მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფული როგორც კონცეფცია: III ნაწილი

მონეტა
BM. GE
09.09.23 19:26
70

Pecunia non olet

ფულს სუნი არ ასდის

რომის იმპერატორი ვესპასიანე

ფული არ ტოვებს არავის გულგრილს (გარდა ერთი მუჭა სასულიერო პირებისა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში).

ზოგი დარწმუნებულია, რომ ცოტა უფრო მეტი ფული რომ ჰქონდეს, უფრო ბედნიერი იქნებოდა. მათ, ვისაც ბევრი ფული აქვთ, კიდევ უფრო მეტის შოვნა უნდათ. ალბათ, მსოფლიოში შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც კმაყოფილია თავისი ფინანსური მდგომარეობით. 

ფულის, როგორც რეალურის, ასევე მისი კონცეფციის გავლენა ადამიანზე არის ფასეულობათა სისტემის ერთერთი როგორც შემადგენელი ნაწილი, ასევე მისივე გამოვლინება. დიდი ფულის ქონა ან მისი უქონლობა ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ეს არის სულიერი და ეთიკური პრობლემა. 

რამდენს გადაიხდით თქვენს ბედნიერებაში? - ერთი შეხედვით ამ სულელურ და აბსურდულ შეკითხვაში მნიშვნელოვანი აზრი იმალება. ერთი ავტორი ასე პასუხობს ამ კითხვას: 

„ბედნიერებისთვის, ფულის გარდა, ხშირად მოგიწევს საკუთარი სულის ან საკუთარი ღირსების ნაწილით გადახდა. ღირსება ხომ ქვაკუთხედია პიროვნულობისა. გიღირს ასეთ დიდ ფასად?“

ჰიპოთეტური, ასე ვთქვათ, საშუალოსტატისკური თანამოსაუბრე კი პასუხობს: 

„ეს სულ ცარიელი სიტყვებია. ამ შენი ღირსებით ვერც მაღალი კლასის რესტორანში ვერ შეხვალ, ვერც იმოგზაურებ, ვერც ძვირფასად ვერ ჩაიცვამ და ვერც სხვადასხვა და უამრავ რაღაცას ვერ გააკეთებ. ამ შენს ღირსებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ამით რაღაც ხელშესახების რეალიზაციას შეიძლება“.

ფული არის ინდივიდსა და საზოგადოებას შორის არსებული ენერგია. ფულს თავისთავად ღირებულება არ აქვს. ის არის ადამიანის შესაძლებლობების, პოტენციის, აქტიური ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მხოლოდ სიმბოლო. ფულს ადამიანი მოჰყავს რეზონანსში საზოგადოების მოთოხვნილებებთან თუ მოლოდინებთან. ის არის მიზანის, მიმართულების და ინტენსივობის ხარისხობრივი მაჩვენებელი.  ფული თვითშეფასებაც არის, სიამოვნების და ტკბობის საშულებაც და საზომიც. ამავე დროს ის არის შურის და გაბოროტების წარმოშობის მძლავრი წყარო. 

დემოკრატიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის კერძო საკუთრება, მისი ხელშეუხებლობა და მისი განკარგვის უფლება საკუთარი შეხედულებების თანახმად. შესაბამისად, ადამიანს შეუძლის გაყიდოს თავისი უძრავი ქონება, თავისი ცოდნა, კვალიფიკაცია, სხვადასხვა გამოცდილება თუ უნარები, რომლებიც კარგ საქმეს შეიძლება მოხმარდეს, როგორც მისთვის, ასევე სხვებისთვის. ადამიანს ასევე შეუძლია ივაჭროს ახალდაბადებული ჩვილებით. გაყიდოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. გაყიდოს თავისი კარგი სახელი და რეპუტაცია.  მოკლედ, გაყიდოს ყველაფერი, რაც უნდა (თუ ამ ქმედებებით არ გადადის დემოკრატიული გზით მიღებული კანონის საზღვარს). 

ასე რომ, ვფიქრობ 20 საუკუნის სიღრმიდან შემიძლია გავსძახო დიდ რომაელს: 

Non, Caesar, pecunia tamen olet! არა, კეისარო, ფულს სუნი მაინც ასდის!

ავტორი: ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები