მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფული, რომლის ინვესტირებასაც საქართველოში ვაკეთებთ, რუსეთშია ნაშოვნი“ - ინტერვიუ

642448fd22873
თელარა გელანტია
30.03.23 00:00
2670
„ფული, რომლის ინვესტირებასაც საქართველოში ვაკეთებთ, რუსეთშია ნაშოვნი“, - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ბი ენდ ენ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით კაკაბაძემ გააკეთა.

ინფორმაციისთვის: დავით კაკაბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის შვილია. „ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, წყალტუბოში 25 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და ფულის ჩადებას კიდევ აგრძელებენ. ტურიზმში ინვესტირება კაკაბაძეების ჰოლდინგის ერთადერთი მიმართულება არაა. ოჯახი საქართველოდან არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების რუსეთში დისტრიბუცია-ექსპორტით არის დაკავებული.

დავით კაკაბაძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტის ექსპორტი განახორციელეს.

- ძირითადად, ექსპორტზე გაგვაქვს ლიმონათი, ლუდი, კონსერვები - არამალფუჭებადი პროდუქტები და რუსეთში მაღაზიებს და რესტორნებს ვამარაგებთ - ძირითადად, კავკასიურ ჰორეკასექტორს. შარშან, დაახლოებით, 2 500 ტრაილერი გავგზავნეთ. ამ მხრივ, 2023 უკეთესი წელია, ვიდრე - შარშან. მოთხოვნა მზარდია, რადგან რუსეთის დახლები ცარიელდება და ცარიელდება და იდეაში რაც უფრო მეტს მიიტან, უფრო მეტი და მეტი გაიყიდება... თუმცა რუსეთში მაინც იყიდება ის, რაც სანქციებულია, უბრალოდ 20-30%-იანი გაძვირებაა, რასაც ბაზარი იტანს.

- თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთში დახლები ცარიელდება, რის გამოც ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ეს რისკია იმ კომპანიებისთვის, რომელთა პროდუქტების დისტრიბუცია-ექსპორტს ახორციელებთ? ვგულისხმობ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას...

- მე თვითონ ვარ ამ რისკ-ზონაში. მე თვითონ არ მომწონს, მაგალითად ის, რომ რადგან რუსეთში იაფად იყიდება ქართული ღვინო, რიგმა კომპანიებმა რუსეთს იაფი ღვინო მიაწოდეს. ვთვლი, ქართულ პროდუქტს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპის, ამერიკის თუ ჩინეთის ბაზრებზე დაიკავოს ადგილი და ვხედავ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობენ, მაგრამ ამას სჭირდება ბევრი მუშაობა... იმისთვის, რომ ქარხნები საქართველოში განვითარდეს, ისინი ზრდიან გაყიდვებს რუსეთის მეშვეობით...

- თქვენ მხოლოდ რუსეთში ახორციელებთ ექსპორტს. რატომ?

- დიახ, ქართულ პროდუქტებს მხოლოდ რუსეთში ვყიდით. ჩვენს ოჯახს რუსეთში საკვები პროდუქტების დიდი საწარმო და დისტრიბუცია აქვს და იდეაში მაინც ვკონტაქტობთ მაღაზიებთან და რესტორნებთან. ამდენად, გვიადვილდება თანამშრომლობა და ახლა წავიდეთ და სხვაგან განვავითაროთ ბიზნესი, რთულია; ძალიან ძნელია დისტრიბუციის აწყობა...

- რუსეთი როგორი ბიზნეს-პარტნიორია ყველამ იცის და ერთხელაც ისევ ემბარგო რომ დააწესოს, ამ რისკებზე არ ფიქრობთ? ეს თქვენს ბიზნესჯგუფს არ შეაყანყალებს?

- თავისთავად და ამ მიმართულებას დავკარგავ, მაგრამ სანამ დავკარგავ, მაქვს უფლება ეს ვაკეთო, რადგან სახელმწიფოს არ აქვს აკრძალული ამის კეთება.

- რუსეთი არასანდო, პოლიტიკური ბაზარია...

- გეთანხმებით, არასანდოა, რადგან ამას თვითონ აჩვენებენ...

- ანუ მაინც მიიჩნევთ, რომ გარისკვად ღირს, რადგან დღეს ეს შესაძლებლობაა?

- ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ დროს გავაკეთოთ ბიზნესი. ჩვენი ენა ბიზნესია და ვერ დავიწყებთ უფრო ღრმად ჩარევას და ანალიზის კეთებას.

- ისე რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, თქვენს ოჯახს ხომ არ უფიქრია რუსეთიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე?

- იცით, როგორი სიტუაციაა, ფული, რომლის ინვესტირებასაც საქართველოში ვაკეთებთ, რუსეთშია ნაშოვნი. ეს თანხა არის იქიდან აქ ჩამოტანილი. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო მოგების გენერირება საქართველოში. იქამდე კი, მხოლოდ ინვესტიციებს ვახორციელებდით და ზარალიანი წლები გვქონდა. ჩვენ საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან არ ვრევთ. სხვადასხვა ბიზნესს ვაკეთებთ: იქ - საკვები და დისტრიბუცია, აქ - ტურიზმი, სამშენებლო მასალების წარმოება და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები