Future Laboratory ვენჩურულ ფონდზე მუშაობს. „როგორც ჩვენ ვუყურებთ ამ ეტაპზე, ეს იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული პირველი ვენჩურული ფონდი“ – ამის შესახებ Future Laboratory–ის დამფუძნებელმა ირაკლი ქაშიბაძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში დააანონსა.
ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, დღეს მთავარი გამოწვევა მათ წინაშე თავად ინვესტორებში ვენჩურული ფონდების შესახებ ცნობიერების დაბალი დონეა.
„ჯერ ზოგადად გვიწევს ახსნა რა არის ვენჩურული ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კაპიტალი ავუხსნათ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო მექანიზმები და ვენჩურული ინვესტირება ერთი ასეთი ჩვეულებრივი საინვესტიციო მექანიზმია, რომელსაც ძალიან კარგი უკუგება მოაქვს“ – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
Future Laboratory-ს დამფუძნებელი და GITA-ს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ტექნოლოგიებში ინვესტირება წაუგებელი გადაწყვეტილებაა, რადგან კრიზისების დროსაც კი ტექნოლოგიების სექტორი მაინც იზრდება. „COVID-19-ის დროს რომ შევხედოთ – რა არ გაჩერდა? ყველაფერი გაჩერდა, მარტო ტექნოლოგიები ვითარდებოდა – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე „ანალიტიკა“–სთან – 2008 წლის კრიზისის დროსაც, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება ამერიკაში 40%–ით შემცირდა, ისევ ტექნოლოგიები ვითარდებოდა. ამიტომ ვენჩურული ფონდები არ არის მხოლოდ უკუგების მიღების შესაძლებლობა – რისკების დაზღვევის ძალიან კარგი მექანიზმიცაა, რომ კრიზისის დროს ფული არ დაკარგო“.
GITA-ს ყოფილი თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პოტენციური ინვესტორების მეტად განათლება სტარტაპ–ეკოსისტემის განვითარების საკვანძო კომპონენტია.
„ვიცი, რომ საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე 17 მილიარდი დოლარია კონცენტრირებული. აქედან 5%–იც კი იქნებოდა ძალიან კარგი სექტორის, სტარტაპების განვითარებისთვის“ – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.