დიდი ოცეულის სამიტი (G20 სამიტი) საუდის არაბეთში ნოემბერის 21-22-ში ვირტუალური ფორმატით გაიმართება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. სამიტის ძირითადი თემები იქნება "სიცოცხლის დაცვა" და "ეკონომიკური ზრდის აღდგენა". ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სამიტს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი უხელმძღვანელებს.
დიდი ოცეულის სამიტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ოცეულმა მიმდინარე წელს 21 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო წარმოების, მიწოდების, მკურნალობის, დიაგნოზირების და ვაქცინის შექმნის მხარდასაჭერად, ხოლო გლობალური ეკონომიკის დასაცავად დიდი ოცეულის ქვეყნებმა 11 ტრილიონი აშშ დოლარი გაიღეს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ოცეული გამოვიდა ინიციატივით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის სასესხო ვალდებულების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„მსოფლიომ ბენეფიციარ ქვეყნებს პანდემიის გამო უნდა მისცეს საშუალება $14 მილიარდამდე მოცულობის ვალი გადაუვადდეთ, რათა აღნიშნული თანხები ჯანდაცვის სისტემას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდეს“, - აღნიშნულია დიდი ოცეულის ოფიციალურ განცხადებაში.