ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელების არსებული ბიზნეს მოდელი ღარიბი მოსახლეობის ქცევაზე მორგებით ჩამოყალიბდა.
მან ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას "ანალიტიკას" ეთერში განმარტა, რომ მოსახლეობა ძირითადად სურსათს იმ დღის საჭიროების შესაბამისად ყიდულობს და ხანგრძლივი მარაგის შეძენის ფინანსები არ აქვს, რაც ფასდაკლებების არსებული მოდელის და მარკეტების სიმრავლის წინაპირობაა.
"აქ ერთ თემაზე არ არის აქცენტი გამახვილებული და მნიშვნელოვანი მგონია. მთავარი პრობლემა ამ თემაზე საუბრისას არის, რომ მოსახლეობა არის ღარიბი - ერთი ქვითრის საშუალო ოდენობა არის 17 ლარი. ადამიანები, როგორც ჩანს, სურსათს ყიდულობენ იმ დღისთვის და არა აქვთ შესაძლებლობა, რომ იყიდონ მთელი თვისთვის, შესაბამისად ამანაც შექმნა ეს სისტემა. იგივე მარკეტების სიუხვეზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ არის ბევრი მარკეტი? იმიტომ, რომ ადამიანი ყიდულობს იმ დღისთვის და თუ მარკეტი არ არის ორ ნაბიჯში, მაშინ ის იყიდის სხვა მარკეტში. პრობლემა არის, რომ საქართველოში მოსახლეობა გაჭირვებული და გაჭირვებული მოსარგებლის ქცევას მოარგო ბიზნესმა თავისი ბიზნესმოდელი ფასდაკლებებით და ახლოს ორ ნაბიჯში მარკეტებით",- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
მან ისაუბრა კომისიის სხდომებიდან გამომდინარე დასკვნებზეც. ხიშტოვანის თქმით, გამოჩნდა, რომ სექტორი კონკურენტულია.
"გამოჩნდა, რომ საცალო ვაჭრობის ობიექტების ბაზარზე არის მნიშვნელოვანი კონკურენტული გარემო. მეორე, გამოჩნდა როგორ მუშაობს ეს ბაზარი. როგორც ჩანს, ეს ბაზარი მუშაობს პრინციპით, რომ უდიდესი ნაწილი გაყიდვების გენერირდება ფასდაკლებების მომენტში. შესაბამისად, აქ ერთი საინტერესო არის, რომ ეს ფასნამატის თემა შეიძლება არის თავიდანვე არასწორი, როცა „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს თითქმის 100%-იან ფასნამატზე. იმიტომ რომ თუ პროდუქციის 80% იყიდება ფასდაკლებების დროს, საწყისი ფასის მაღალი მაჩვენებელი არის პირობითი. ჩვენ უნდა ვუყუროთ საშუალო გასაყიდ ფასს და მერე ვნახოთ, რამდენად არის საშუალო გასაყიდი ფასი ნამდვილად ბევრად მეტი ვიდრე პირობითად თვითღირებულება. ამიტომაც აქაც მე მგონი უკვე ფუნდამენტურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, როცა არასწორად დადგინდა პრობლემაც კი. მესამე რაც გამოჩნდა არის, რომ ეს ყბადაღებული „ქეშბექების" თემა, რომელზეც აპელირებდა თავიდან ყველა, როგორც ჩანს სინამდვილეში არის ფასნამატის ალტერნატივა, აბსტრაქტული ცნებაა. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მე შევიტანე ობიექტში 10 ლარად პროდუქტი და „ქეშბექი“ პირობითად არის 5 ლარი. ანუ რომ გაიყიდება, 5 ლარს მივიღებ. სინამდვილეში პროდუქტის შეტანა ხდება 5 ლარად და თუ პროდუქტი შემდეგ იყიდება პირობითად სიმარტივისთვის 15 ლარად, ფასნამატი გამოდის 300% და არა 150%, თუ 10 ლარად იქნებოდა შეტანილი. და ეს არის ფასნამატის ფორმა და აქედან გამომდინარე, ბოლო კომენტარებიდან ესეც ჩანდა, რომ თუ პირობითად „ქართული ოცნება“ აკრძალავს ამ ცნებას „ქეშბექისას“, ამით პრობლემა არ მოგვარდება, რადგანაც უბრალოდ ფასნამატს გაზრდიან ქსელები. დასკვნაში, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დადო, საინტერესო იყო, რომ იქ სადაც დაბალია „ქეშბექი“, მაღალია ფასნამატი, იქ სადაც მაღალია „ქეშბექი“, დაბალია ფასნამატი. ანუ შესაბამისად ეს არ მოაგვარებს პრობლემას. როგორც ჩანს ეს „ქეშბექი“ არის ინსტრუმენტი ქსელებისთვის იმპორტიორთან, დისტრიბუტორებთან ან მწარმოებლებთან ერთად ფასდაკლებების სისტემის შექმნის. ანუ ჩვენ გვაქვს მაღალი კონკურენცია, ჩამოყალიბდა მოდელი, რომ მაღალ კონკურენციაში მნიშვნელოვანი არის მაღალი ფასდაკლებებით მოზიდვა კლიენტის და შესაბამისად შენ გირჩევნია, რომ თავდაპირველი ფასი, მათ შორის ამ თავისი „ქეშბექით“/ფასნამატით იყოს მაღალი, რომ შემდეგ პირობითად 70%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში ადამიანი მოიზიდო როგორც კლიენტი",- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ უკვე 6 სხდომა გამართა. სურსათის ფასების შესწავლის პროცესში მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიის ჩართვა იგეგმება.




























