მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკვირდებით ინტერვიუების სერიას და [ფასების] კომისიას ის უნარიც კი არ აქვს, დასკვნა დადოს - გიორგი ხიშტოვანი

ხიშტოვანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გიორგი ხიშტოვანი ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საქმიანობას აფასებს და აღნიშნავს, რომ პროცესს პოლიტიკური მიზანი აქვს.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, "ოცნებას" სურს, ამომრჩევლის თვალში მაღალ ფასებზე პასუხისმგებლობა ბიზნესს დააკისროს.

"ჩემი აზრით, მიზანი უფრო პოლიტიკური იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ეჩვენებინა, დისტრიბუტორები თუ საცალო ვაჭრობის ქსელები არიან ის რგოლი, რომელიც მაღალ ფასს ადებს პროდუქტს, რითაც უკმაყოფილოა მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი.

მივიღეთ ის, რომ ვაკვირდებით ამ რაღაცა ინტერვიუების სერიას და ის უნარიც კი, რომ ამ კომისიამ დასკვნა დადოს, უკვე თავიდანვე აღიარეს, რომ არ აქვთ. არის რაღაც ინტერვიუერების ჯგუფი, რომლებიც ინტერვიუებს სხვადასხვა ბაზრის მოთამაშეებთან ატარებენ. ახლა ამ ინტერვიუების შედეგები უნდა გაუზიარონ საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ კიდევ ფული, რომ რაღაც დასკვნები აქედან გამოიტანოს", - აცხადებს ხიშტოვანი.

ის აღნიშნავს, რომ კომისიას საკითხის სწორად დარეგულირების კომპეტენცია არ გააჩნია და ამასთან, ხისტ ჩარევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

"კომენტარებიდან, რასაც კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები აკეთებენ, მგონია, რომ მათ უკვე დაინახეს, რომ ეს არის კონკურენტული ბაზარი, ჩამოყალიბებული პრინციპით მუშაობის, წარმატებული მოთამაშეებით, შედარებით ნაკლებად წარმატებული მოთამაშეებით და ახლა არ იციან რა ქნან. დააკვირდნენ, რომ ასე მუშაობს ეს ბაზარი. ანუ ის ფასებია, რაც არის საბაზრო. ეს მოთამაშეებიც სინამდვილეში არიან სამკვდრო-სასიცოცხლო კონკურენციაში ერთმანეთთან — დისტრიბუტორებიც, საცალო ვაჭრობის ქსელებიც, მწარმოებლებიც. მიხვდნენ, რომ თუ რამე შეიცვლება, ბაზარი მთლიანად უნდა გადააწყო.

მე მგონი აქ ორი გზაა - ან უნდა მთლიანად გადააწყო ბაზრის მუშაობის სისტემა, რაც არის ურთულესი, ანდა რაღაცა ძალიან ხისტი ჩარჩოები დაუწესო არსებულ ბაზარს და ამ გზით სცადო. ხისტი მაგალითად იქნება, რომ თქვა, რომ კარაქი არ ეღირება 7 ლარზე მეტი ან ვაკის რაიონში არ შეიძლება ერთ მარკეტზე მეტი. ხვდებიან, რომ ამით აბსოლუტურად მოარყევენ ბაზრის სისტემას. ამიტომაც კომპეტენცია, რომ დაარეგულირონ უფრო უკეთესად, მათ აშკარად არ აქვთ და რომ აი ასეთი ხისტი ზომებზე პასუხისმგებლობა აიღონ, ეს აშკარად არ უნდათ", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ უკვე 6 სხდომა გამართა. სურსათის ფასების შესწავლის პროცესში მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიის ჩართვა იგეგმება, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები