სებ–ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით უტიაშვილს მიაჩნია, რომ ეროვნულ ბანკში გამოწვევების ტალღამ უკვე ჩაიარა. „ბანკი აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას. მის გადაწყვეტილებებს პრობლემა არ უდგას“, – ამბობს დავით უტიაშვილი „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში.
სებ–ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში საკმარისი რაოდენობის წევრები არ იყვნენ.
„შესაძლოა, ტექნიკურად ვეღარ მიღებულიყო გარკვეული გადაწყვეტილებები – ამბობს დავით უტიაშვილი „ანალიტიკა“–სთან – ვაგრძელებთ მუშაობს: კომიტეტების გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა პროცესი, ამიტომ ამ კუთხით რაიმე პრობლემებს აღარ ველოდებით“.
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი 21 სექტემბერს დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს. პარლამენტის უმრავლესობამ მაშინ შეცვლილი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.
დავით უტიაშვილი იმასაც აღიარებს, რომ გამოწვევებს მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალის დანაკარგის გარეშე მაინც არ ჩაუვლია.
„ჩვენ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები მენეჯმენტში – ძალიან გამოცდილი ხალხი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებდა, თუმცა თვითონ პროცესი, ცხადია გრძელდება“, – ამბობს დავით უტიაშვილი „ანალიტიკა“–სთან.
20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა ვიცე-პრეზიდენტები არიან. რიჩარდ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის.ერთი დღით ადრე, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება მოჰყვა.