ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, სებ-ის შეფასებით, დღეს განხორციელებული ინტერვენცია - $60 მლნ-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, ბაზარზე სტაბილურობას აღადგენს.
დავით უტიაშვილი განმარტავს, რომ არსებული მდგომარეობით ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებით ნიშნულებზეა, ხოლო საფინანსო სისტემას კაპიტალის მაღალი დონე გააჩნიათ, შესაბამისად საფინანსო სისტემა მაღალ სტაბილურობას ინარჩუნებს.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდება აჟიოტაჟური მოთხოვნის საპასუხოდ განხორციელდა, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვფიქრობთ, რომ ეს ინტერვენცია ბაზარზე სტაბილურობას აღადგენს.
ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და მისი მერყეობა ასევე ბუნებრივია. ფაქტორები, რომლებიც გაცვლით კურსზე მოქმედებს მაკროეკონომიკური ფაქტორები მიმდინარე პერიოდში სტაბილურია, რამაც დამატებით გვაფიქრებინა, რომ ეს არის დროებითი და ერთჯერადი პროცესი.
ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ეკვივალენტს აჭარბებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მიანიშნებს რამდენად მზად არის ფინანსური სექტორი თუნდაც უპრეცედენტო შოკებს გაუძლოს და მართლაც, დღეს ჩვენი ფინანსური სექტორი რეგიონში და შეგვიძლია ვთქვათ ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე მყარია.
რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.
ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,"- აცხადებს უტიაშვილი.
16 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.25 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0002 ლარი გახდა.
5.12 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4972 ლარი გახდა.